Nestlé-მ შიდა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებულ „იმედზე"

პუბლიკა

კომპანია Nestlé-მ შიდა გამოძიება დაიწყო იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებოდა მისი რეკლამა სანქცირებულ TV იმედზე. ამის შესახებ ინფორმაციას City A.M ავრცელებს.

„მსოფლიოში უმსხვილესმა საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ, Nestlé-მ, კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა ქართულ მედია კომპანიასთან Imedi TV, მიუხედავად იმისა, რომ არხი მიმდინარე წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს და კრემლის მხარდამჭერ, პოლიტიკურად მიკერძოებულ მედიასაშუალებად დაახასიათეს.

ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებით, არხი ავრცელებს „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განცხადებით, Imedi TV „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებებს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციას ან მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვას ან საფრთხის ქვეშ დაყენებას ემსახურება“ – წერს City A.M

FCDO-ის განმარტებით, არხი რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურებად არიან წარმოჩენილნი; უკრაინა დასავლეთის „მარიონეტად“ და კორუმპირებულ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი; ასევე ვრცელდება მტკიცება, რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.

საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ Transparency International-მა მარტში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ Nestlé იმ დასავლურ კომპანიებს შორის იყო, რომლებმაც სანქციების დაწესების შემდეგაც შეინარჩუნეს ურთიერთობა აღნიშნულ ტელეარხთან. გავრცელებული ინფორმაციით, Nestlé-მ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაგრძო ისეთი ბრენდების რეკლამირება, როგორიცაა Nescafé, Nescafé Gold და Nesquik.

City A.M.-ის ინფორმაციით, Nestlé-ს შიდა გამოძიებას ხელმძღვანელობს კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლინ გილი, ხოლო პროცესში ჩართულია ლონდონის იურიდიული გუნდის წევრი მარკ მორის ჯონსიც.