25 ივნისს, ავსტრიელი მწერლის, პოეტისა და ფილოსოფისის, ინგებორგ ბახმანის დაბადებიდან 100 წლის შემდეგ მისი შემოქმედება ისევ გვაბრუნებს ლიტერატურის ისეთ მარადიულ საკითხებთან, როგორიცაა წარსული ტექსტების დღევანდელი ინტერპრეტაცია, მოუხელთებელი და ტრავმატული ბიოგრაფია, ფუჭად განცდილი და დახარჯული თავისუფლება, საკუთარი იდენტობის ძიება და ა.შ.
ინგებორგ ბახმანი სიცოცხლეშივე იქცა მითად. როდესაც 1973 წლის სექტემბერში, რომში, საკუთარ ბინაში, დაუდევრობის გამო გაჩენილი ხანძრისგან მიყენებული დამწვრობისგან გარდაიცვალა, დამწუხრებულმა ჰაინრიხ ბიოლმა ასეთი რამ დაწერა: “ცოცხალი ადამიანის ხატოვანმა ტექსტმა შეიძლება ისე დაგვიმალოს მრავალი მიზეზით გამოწვეული და შენელებული ტემპით მიმდინარე თვითმკვლელობა, რომ ვერასოდეს გავიგოთ ამის შესახებ”.
ინგებორგ ბახმანი, როგორც პოეტი, იმდენად მოულოდნელად აღმოჩნდა გერმანულენოვანი ლიტერატურის ეპიცენტრსა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ თავადაც გაოგნებული იყო, როდესაც 1953 წელს, 26 წლის ასაკში, Group 47-ის (“ჯგუფი 47”) ლიტერატული პრემია მიიღო – ეგზისტენციურად ღრმა და ფაქიზად გადმოცემული, დრამატიზმით სავსე ლექსებისთვის.

“ჯგუფი 47” 1947 წელა დაარსდა და მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანული ლიტერატურის განახლებას, ახალგაზრდა ავტორებისთვის თავისუფალი პლატფორმის შექმნას, ახალი თაობის მწერლებისა და პოეტების წარმოჩენას. ამ გაერთიანებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალი გერმანული ლიტერატურის ჩამოყალიბებაში. ჯგუფის დაარსებაში დიდი როლი მიუძღვით ისეთ მწერლებს, როგორებიც არიან ჰანს ვერნერ რიხტერი, ჰაინრიხ ბიოლი და გიუნტერ გრასი…
ახალგაზრდა პოეტისა და მწერლის პოპულარობა კიდევ უფრო გაამყარა 1950 წელს, ჟურნალ Spiegel-ის გარეკანზე გამოტანილმა პოტრტრეტმა, რომელიც შემდგომშიც ბახმანის იდუმალების და ენიგმატურობის ერთგვარ სიმბოლოდ თუ მიზეზად იქცა და რომლის ახსნა საბოლოოდ, ვერასოდროს მოხერხდა. მისი პოეტური კრებულები Die gestundete Zeit (“გადავადებული დრო”,1953) და Anrufung des Großen Bären „დიდი დათვის მოწოდება“,1956) უდავოდ, XX საუკუნის გერმანული ლიტერატურისა და პოეზიის განსაკუთრებული ნაწილია.
ბახმანი დაიბადა ავსტრიის პროვინციულ ქალაქ კლაგენფურტში, ოლგა და მატიას ბახმანების ოჯახში. მამა სკოლის მასწავლებელი და ავსტრიის ნაციონალურ–სოციალისტური პარტიის წევრი იყო, რამაც მის შემდგომ ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა. ვენის უნივერსიტეტში ფილოსოფია, ფსიქოლოგია და გერმანული ფილოლოგია შეისწავლა. 1949 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო, ხოლო სადისერტაციო ნაშრომის სათაური იყო “მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალური ფილოსოფიის კრიტიკული შეფასება“.
50-იან წლებში დასავლეთის მოკავშირეთა მიერ დაარსებულ რადიოსადგურში – Rot-Weiss-Rot სცენარისტად და რედაქტორად დაიწყო მუშაობა. ეს სამუშაო მას გარკვეული შემოსავლით უზრუნველყოფდა და ასევე, თანამედროვე ლიტერატურულ სიახლეებთან წვდომის საშუალებასაც აძლევდა. ამავე რადიოსადგურისთვის დაწერა თავისი პირველი რადიოპიესებიც.
1953 წელს ბახმანმა გაიცნო დღეს უკვე თანამედროვე მუსიკის კლასიკოსად აღიარებული ავსტრიელი კომპოზიტორი, ჰანს ვერნერ ჰენცე, რომელთანაც საცხოვრებლად რომში გადავიდა. მომდევნო წლებში ლექსებთან, ესეებთან და მოხრობებთან ერთად, ჰენცეს რამდენიმე ოპერისათვის ლიბრეტოები დაწერა. მათ შორის, სამოციან წლებში აღიარებული ისეთი ოპერისათვის, როგორიცაა “ბაკხი ქალები” (ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით).
ასევე სამოციან წლებში, ინგებორგ ბახმანს რომანი ჰქონდა მაქს ფრიშთან. 1971 წელს კი დაწერა ალბათ, საკუთარ შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული და ყველაზე საინტერესო ნაწარმოები, რომანი “მალინა”, რომელსაც კრიტიკოსები მაქს ფრიშის რომანის, „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, ერთგვარ პასუხად მიიჩნევენ. ბახმანის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა რომანის ეკრანიზაციის შემდეგ, რომელიც გერმანელმა რეჟისორმა ვერნერ შრიოტერმა 90-იან წლებში გადაიღო (მთავარ როლებში იზაბელ იუპერი და მატიე კარიერი).

ბევრი კრიტიკოსისა და ჟურნალისტისთვის ბახმანის პერსონა მამაკაცებთან მუდამ რთული, პრობლემური ურთიერთობისა და ნარკოდამოკიდებულების გამო, არაერთმნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი შეფასების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, ბახმანი როგორც ავტორი, იდეალურ ფონს ქმნიდა მრავალფეროვანი დისკურსებისა და ბიოგრაფიული სპეკულაციებისათვის. რაც უფრო დიდი დრო გადის, ინგებორგ ბახმანი უფრო საკამათო ფიგურად იქცევა. შესაძლოა ამიტომაცაა, რომ მისი შემოქმედება დღემდე ასეთი პოპულარულია ისტორიული თუ ლიტერატურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ისტორიულ კონტექსტს და მისი პიროვნების შესახებ მითებს კიდევ რამდენიმე შტრიხი შესძინა ცნობილი გერმანელი რეჟისორის, მარგარეტ ფონ ტროტას ფილმმა “ინგებორგ ბახმანი: მოგზაურობა უდაბნოში“, რომელიც 2023 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უჩვენეს. ბიოგრაფიული დრამა ბახმანის რთულ, შემოქმედებით ცხოვრებასა და მაქს ფრიშთან პირად ურთიერთობას ასახავს.
სწორედ მაქს ფრიში იყო უკანასკნელი მამაკაცი, ვისთან ერთადაც ბახმანმა რამენიმე წელი გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ ფრიში მისთვის განასახიერებდა სასოწარკვეთის შემდეგ გამოწვდილ რაღაც იმედის ხელს; რომ ინტელექტუალთან და ხელოვანთან ნორმალურად ცხოვრებას შეძლებდა. თუმცა, სწორედ ეს თანაცხოვრება იქცა მთავარ პრობლემად. ფრიშთან განშორებამ მასში დიდი იმედგაცრუება და სულიერი კრიზისი გამოიწვია, რამაც ფსიქიატრიულ კლინიკამდე და მკურნალობამდე მიიყვანა.
ამავე პერიოდში დაწერა მგრძნობიარე და ნევროზული შეგრძნებებით სავსე ესე, რომელიც საოპერო დივას, მარია კალასს მიუძღვნა. ტექსტი მთავრდება სიტყვებით: „დიახ, კალასი…მაინც როდის ცხოვრობდა, როდესაც ის ნამდვილად იყო და ნამდვილად საკუთარ თავს ეკუთვნოდა? ან როდის მოკვდება? დიდია, უცნობია, უღიმღამოობისა და სრულყოფილების ამ სამყაროში”.
ინგებორგ ბახმანისთვის ხელოვანის, არტისტის ცხოვრება დროის მიღმაა და მუდამ აქტუალურია. ის ხელოვნებას აღიქვამდა, როგორც ცეკვას სამართებლის პირზე და ამით არსებითად გამოხატავდა პროტესტს ყველაფერის წინააღმდეგ, რასაც ცხოვრება მუდმივი გამოცდასავით უმზადებდა.