დაპატიმრებული აზერბაიჯანელი აქტივისტები ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტისას ადამიანის უფლებებზე საუბარს სთხოვენ

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

აზერბაიჯანის ციხეში მყოფმა შვიდმა აქტივისტმა 28 ივნისს წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც აზერბაიჯანს 1 ივლისს ეწვევა. აქტივისტებმა მას მოუწოდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებისას „ადამიანის უფლებები განხილვების ცენტრალურ თემად შეინარჩუნოს“.

შვიდი აქტივისტი: ბახთიარ ჰაჯიევი, ფუნჰან ქარიმლი, ჯამილ გულიევი, ანარ ჰასანოვი, იაშარ აღაზადე, გუნდუზ მირზაევი და მაჰამად კეკალოვი წერილში მიუთითებს, რომ მიესალმებიან „ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას“.

„ურთიერთობების განვითარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონული სტაბილურობა პოზიტიური პროცესია, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის“, – ნათქვამია წერილში.

პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას აქტივისტებმა ილაპარაკეს იმაზეც, რომ ივნისის დასაწყისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა განაახლეს მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების პროექტზე, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება. თუმცა, ამავდროულად, ხაზი გაუსვეს, რომ მხარეებს შორის „სტაბილური, სანდო და გრძელვადიანი ურთიერთობები მხოლოდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს არ უნდა ეფუძნებოდეს“.

აქტივისტებმა ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ადამიანის უფლებების საკითხები წინა პლანზე წამოსწიოს.

„ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხი დაისმება, როგორც ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილი, და თქვენ ამ საკითხში მკაფიო და პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებთ“, – ნათქვამია წერილში.

აქტივისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირისგან მოელიან „მკაფიო და პრინციპულ მოწოდებას ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ“.

ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ სჯერათ – „ნამდვილად მდგრადი და სანდო თანამშრომლობა“ მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მხოლოდ ორმხრივ ინტერესებს არ ეფუძნება“.

წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა აქტივისტმა ბახთიარ ჰაჯიევმა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ხულიგნობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით დააკავეს, თავის ძმას სთხოვა, გაევრცელებინა მათი გზავნილიც, რომ დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ აქტივისტებს მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ აქტივისტების ღია წერილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს, ურუსლა ფონ დერ ლაიენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მორიგი რეზოლუცია მიიღო.

PACE-მ გამოხატა შეშფოთება აზერბაიჯანში „კრიტიკული ხმების ჩახშობის“ გამო და ბელგიელი მომხსენებლის, კრისტოფ ლაკრუას მოხსენებაზე დაყრდნობით რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა მიიღო „შემზღუდავი საკანონმდებლო ზომები“, რომლებიც, PACE-ის შეფასებით, მიზნად ისახავს „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, რეალური პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო სივრცისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას“.

PACE-მა აზერბაიჯანს მოუწოდა, „პატივი სცეს ევროპის საბჭოს წესდებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“, ასევე „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“.

PACE-მა ასევე მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას, „შეწყვიტოს იმ ჟურნალისტების მიმართ მუქარა და სისხლისსამართლებრივი დევნა“, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო არიან სამიზნედ ქცეულნი, და „უზრუნველყოს დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება“.

ამასთან, ასამბლეამ ასევე მოითხოვა იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც „პოლიტიკურ პატიმრებად“ არიან მიჩნეულნი.

„აზერბაიჯანისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“

ყოფილმა დიპლომატმა არიფ შაჰმარლიმ დამოუკიდებელ მედია Meydan TV-ს განუცხადა, რომ „ასეთ რეზოლუციებს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და რომ ეს მათ საერთოდ არ აინტერესებთ“.

„რაც უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებს ილჰამ ალიევი, მით მეტ დათმობას მოითხოვს ხალხი ევროპის საბჭოსგან“, – განაცხადა არიფ შაჰმარლიმ.

მსგავსი რიტორიკა ჰქონდა აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილ წარმომადგენელს PACE-ში, სამად სეიდოვსაც.

სეიდოვმა განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია „მიკერძოებული და ცალმხრივია“.

„ამ დოკუმენტს ჩვენთვის უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს“, – თქვა მან.

აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ PACE 2024 წლის იანვარში დატოვა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.