კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (26/06/26 - 03/07/26)

პუბლიკა

საქართველო

დღეს, 3 ივლისს, მიხეილ ყაველაშვილი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიას ესწრება. ის ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტსაც შეხვდა. ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობა.

ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა.

დროასლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამოა მსჯავრდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახი და ადვოკატები მის გადაყვანას რამდენიმე კვირაა მოითხოვდნენ, რადგან,  მათი თქმით, პენიტენციურ სისტემაში ხოშტარიას ქრონიკული, ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობა ვერ ხერხდებოდა. „ვივამედისდირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა მხოლოდ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, ხოშტარიას კი მისი პირადი ექიმი, მაკა იოსელიანი უმკურნალებს.

პარტიაგახარიასაქართველოსთვისსაპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გასულ პარასკევს ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა და ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიხსენა; მიუთითა, რომ კობახიძე შეხვედრისას კუთხეში იდგა, რაც მის როლზე მეტყველებს. ფიზიკური დაპირისპირება თავდაპირველად გიგა ფარულავასა („გახარია საქართველოსთვის“) და ირაკლი ხელაძეს („ქართული ოცნება“) შორის დაიწყო. ჩხუბში მოგვიანებით „ოცნების“ სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ, მათ შორის სპორტსმენები: ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე არჩილ გორდულაძე, მალხაზ თორია და ირაკლი კირცხალია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ახალი .. შეთანხმების გამო. სამინისტროს განცხადებით, მსგავს ე.. შეთანხმებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ხელს უშლის მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს.

რუსეთის დუმამ 13 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ე.. შეთანხმება დაამტკიცა.

სააპელაციო სასამართლომ ძალადობის ბრალდებით მსჯავრდებულ აქტივისტებს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, სასჯელის ვადა შეუმცირა. მათ საპატიმრო იმავე დღეს დატოვეს. თოშხუასა და შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ისინი 2025 წლის აგვისტოში დააკავეს, რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძესთან ჩხუბის გამო. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მათ რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელს, ბექა გოცირიძეს სცემეს, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო. გოცირიძემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ჩხუბში თავადაც მონაწილეობდა და ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. თავდაპირველად გიორგი მალანია მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, შემდეგ კი მას ბრალი წარედგინა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები დაესხნენ თავს და იძალადეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ავალიანის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

უცხოეთი

ტარიფებისგან თავისუფალი სომხური ექსპორტი ევროკავშირში და 52 მილიონი სომხეთს ევროკავშირისგანეს გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის სომხეთში ვიზიტს მოჰყვა.

2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, სომხეთის პრემიერმინიტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო არჩევნებმა სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცე და სომეხი ხალხის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი აჩვენა

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად 52 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამასთან, ევროკავშირი გეგმავს ავტონომიური სავაჭრო ზომების ამოქმედებას, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ბაზარზე სომხური ექსპორტის დაახლოებით 80% საბაჟო ტარიფებისგან გათავისუფლდება.

რუსეთმა სომხური პროდუქციის ექსპორტი მასობრივად შეზღუდა სომხეთის არჩევნების წინ დღეს. ამის პასუხად 19 ივნისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ EU-მ სომხეთს 34 მლნ ევრო გამოუყო რუსეთის მიერ ექსპორტის შემცირებით მიყენებული ზიანის შესამცირებლად. ევროკომისიის განცხადებით, „ევროკავშირი სწრაფად ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად“.

სომხეთში ვიზიტამდე, 1 ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი ბაქოში  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდნენ. ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი 220 მილიონი ევროს პროექტების განხორციელებას იწყებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშესაწყობად. ევროკავშირი აღნიშნულ თანხას სასაზღვრო რაიონებში ინფრასტრუქტურის მოწყობის, ტერიტორიების განაღმის, ჯანდაცვისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის დახარჯავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ალიევის შეხვედრამდე აზერბაიჯანის ციხეში მყოფმა 7-მა აქტივისტმა ევროკიმისიის პრეზიდენტს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებისასადამიანის უფლებები განხილვის ცენტრალურ თემად შეინარჩუნოს“.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა მიიღო შემზღუდავი კანონები, რაც მიზნად ისახავსდამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, რეალური პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო სივრცისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას“.

ამავე თემას უკავშირდება კიდევ ერთი ახალი ამბავიგასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი კრიტიკული მედიასაშუალება  – OC Media.

ამ კვირის სხვა ამბებიდან აღსანიშნავია, რომ ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ეს არისცილისწამებადა ისრაელი ამ გზით ცდილობს, „მიჩქმალოს თავისი სისასტიკე ღაზაში“. ერდოღანმა ასევე მცდარად განაცხადა, რომ თურქეთისისტორია თავისუფალია გენოციდის, ხოცვაჟლეტის, ჩაგვრისა და კოლონიალიზმისგან“.

გასული კვირაში რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიშები მიიტანა დრონებითა და რაკეტებით, რასაც უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

2 ივლისს, ღამით, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი მასშტაბურ თავდასხმას ამზადებდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა 74 რაკეტა და 496 შორ მანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობაც კიევისკენ იყო მიმართული. 48 რაკეტა და 476 დრონი უკრაინელებმა გაანეიტრალეს, თუმცა 25 ბალისტიკური რაკეტა და 12 დრონი 33 სხვადასხვა ლოკაციას მოხვდა.

ოფიციალური ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 30 და  დაშავდა 91 ადამიანი. რუსეთმა დაბომბა უკრაინული გამომცემლობის საწყობიც. განადგურებულია, დაახლოებით, 800 000 წიგნი. კიევში დღეს მაშველები მუშაობენ, რომლებიც ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ. 3 ივლისი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურის  ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მიუხედავად, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მხოლოდ „სამხედრო სამიზნეებიგაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა პარტნიორების მიმართ. „პარტნიორებს დროულად რომ მოეწოდებინათ, რასაც დაგვპირდნენ, ვფიქრობ, მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით“, – თქვა მან. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დასჭირდება, სულ მცირე, 140 Patriot-ის რაკეტა.

უკრაინის რეგიონებს მასშტაბურად უტევდნენ წინა დღეებშიც.

2 ივლისის ღამეს უკრაინამ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სხვა სამიზნეებს, მათ შორის სარკინიგზო ხიდს.

29-დან 30 ივნისის ღამით და გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის შემოგარენში. ამ შეტევების ერთერთი სამიზნე იყო ქალაქ დუბნაში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრი. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, დაზიანდა 32-მეტრიანი სატელიტური ანტენა და ობიექტის საკონტროლო შენობა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის სამხედრო კავშირგაბმულობას, დაზვერვასა და ოპერაციებს.

ფართომასშტაბიანი თავდასხმების მიუხედავად, გასულ კვირას უკრაინამ და რუსეთმა ტყვე მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს. უკრაინამ განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც 2022 წელს მარიუპოლის, ასევე კიევის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციის დროს დაატყვევეს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ბოლო კვლევით, წელს ფრონტზე რუსეთის დანაკარგი ბევრად გაიზარდა და ახლა უკრაინასთან შეფარდებაა 8:1 (მანამდე 3:1 იყო). ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ჯამურმა დანაკარგმა (დაღუპულები, დაჭრილები, გაუჩინარებულები) დაახლოებით 1,4 მილიონ ადამიანს მიაღწია.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის 32 პირი შეიწყალა. მათ შორის 20 ქალია.

სამთავრობო წყაროების ცნობით, შეწყალებულთაგან 28 ადამიანი სასჯელს ე.. ექსტრემიზმის ბრალდებით იხდიდა. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ხელისუფლება ამ ფორმულირებით, როგორც წესი, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებსა და რეჟიმის კრიტიკოსებს ასამართლებს.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 27 ივნისს განაცხადა, რომ ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე გადადგება და მალე დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი ვუჩიჩის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკური გეგმაა. ვინაიდან კონსტიტუცია მას მესამე ვადით პრეზიდენტობას უკრძალავს, ის აპირებს, არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლოს და სერბეთის მართვა ამ თანამდებობიდან გააგრძელოს.

დღეს ირანში ქვეყნის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო და დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია მისი დაღუპვიდან ოთხ თვეზე მეტი ხნის შემდეგ დაიწყო.

ოფიციალური მონაცემებით, ხამენეი რამდენიმე თანმხლებ პირსა და ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა აშშისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეებში. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებიან უცხოური დელეგეციებიც. მათ შორისაა მიხეილ ყაველაშვილიც.