სომეხი პატიმარი აზერბაიჯანში „გადარჩენისთვის იბრძვის“

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

აზერბაიჯანში დაპატიმრებული სომეხი ტყვის, ლუდვიგ მკრტჩიანის ოჯახი აცხადებს, რომ დაკავების პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც, მათი თქმით, სათანადო სამედიცინო დახმარების არქონით არის გამოწვეული.

მკრტჩიანი აზერბაიჯანმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს დაატყვევა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ის მოხალისე მებრძოლი იყო.

შეშფოთება პირველად 13 ივლისს გამოთქვა ადვოკატმა ლუჩიანა მინასიანმა, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ მკრტჩიანი „აზერბაიჯანის ციხეში გადარჩენისთვის იბრძვის“.

მისი თქმით, მკრტჩიანს აღენიშნება გულის მძიმე დაზიანება, ქრონიკული თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, გულმკერდის ტკივილი და სიცოცხლისთვის საშიში მაღალი არტერიული წნევა.

„ეს არის 2020 წლის სამხედრო ტყვის განზრახ სამედიცინო უგულებელყოფა“, – დაწერა მინასიანმა და დასძინა, რომ მას „რეალური მკურნალობა საერთოდ არ მიუღია“.

მკრტჩიანს აზერბაიჯანის სასამართლომ პირველი მთიანი ყარაბაღის ომის პერიოდთან დაკავშირებული სამხედრო დანაშაულების ბრალდებით 2021 წელს მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა.

მკრტჩიანი აზერბაიჯანში ამჟამად ცნობილი 19 სომეხი პატიმრიდან ერთ-ერთია. მათ შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მრავალწლიანი, მათ შორის უვადო პატიმრობა მიესაჯათ.

სომეხი ტყვეების ბოლო ჯგუფი აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარში გაათავისუფლა, როდესაც ოთხი დაკავებული სომხეთს გადასცა. მათგან სულ მცირე ორი მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იანვარში გათავისუფლებულთა შორის იყო 70 წლის ვაღიფ ხაჩატრიანი, რომელიც ერთი თვით ადრე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ მისი მდგომარეობა „მძიმედ“ იყო შეფასებული. კიდევ ერთ პატიმარს, ლიბანელ-სომეხ ვიგენ ეულჯეკჯიანს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, მან შიმშილობა დაიწყო და, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში პატიმრობისას თვითმკვლელობაც სცადა.

მკრტჩიანის ცოლმა, ჰრანუშ შაჰბაზიანმა, 15 ივლისს RFE/RL-თან საუბარში დაადასტურა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ ტყვედ ჩავარდნამდე მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. მისი თქმით, მხოლოდ ხმის მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაგებად, რამდენად გაუარესებულია მისი მდგომარეობა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

„მიუხედავად იმისა, რომ [აზერბაიჯანელები] მუდმივად ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო, თავად ამბობს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საუბრის დროსაც კი ძალიან უჭირს ლაპარაკი და სუნთქვა ეკვრის“, – განაცხადა მან.

შაჰბაზიანის თქმით, მას მეუღლესთან საუბრის უფლება მხოლოდ 40 დღეში ერთხელ, დაახლოებით 10 წუთით აქვს.

მისივე თქმით, მკრტჩიანმა უთხრა, რომ ციხეში საღამოს 4 საათის შემდეგ ექიმები აღარ არიან. ცოტა ხნის წინ, როდესაც ის მძიმედ გახდა ავად, ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) ჩაუტარეს, თუმცა შედეგები არასოდეს აცნობეს.

„ახლა კვლავ ველოდებით, რომ მისი სამედიცინო დოკუმენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) გადაუგზავნონ, რათა სასამართლომ მისი მდგომარეობის უფრო ნათელი სურათი მიიღოს“, – განაცხადა მან.

RFE/RL-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, აზერბაიჯანი ვალდებულია, სომეხი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც მკრტჩიანის ოჯახმა ამ დრომდე მიიღო, ირკვევა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

სომეხი პატიმრების ოჯახებისთვის ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) 2025 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში საქმიანობა შეწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორგანიზაციას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ICRC-ის წარმომადგენლებმა სომეხი პატიმრები პირველად და უკანასკნელად იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მოინახულეს.

მკრტჩიანის ცოლის თქმით, მისი ქმარი „უიმედო და სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია“ და სულ უფრო ნაკლებად სჯერა, რომ ოდესმე სომხეთში დაბრუნებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამხნევებს, შაჰბაზიანი შიშობს, რომ მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

მან ასევე თქვა, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მკრტჩიანს არასოდეს უცხოვრია იმ სახლში, რომელიც მათ სომხეთის არარატის ოლქში შეიძინეს, ვერ დაესწრო საკუთარი ქალიშვილის ქორწილს და დღემდე არც შვილიშვილები უნახავს.

„თუ მშვიდობაა, მაშინ, სულ მცირე, ჰუმანიტარული საკითხები მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მაგრამ მე ამას ჯერ კიდევ ვერ ვხედავ“, – ამბობს ჰრანუშ შაჰბაზიანი.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.