აზერბაიჯანი მზადაა, ყარაბაღის კონფლიქტში დაკარგული პირების მოსაძებნად სომხეთთან ითანამშრომლოს

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (DTX) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ითანამშრომლოს სომხეთთან იმ პირების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შარაფათ ჰასანოვმა 30 ივნისს ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა სახელწოდებით „თანამშრომლობის გაძლიერება და თანამედროვე მიდგომების განვითარება დაკარგულ პირთა საკითხის გადაჭრაში“.

კონფერენციას ესწრებოდა დაკარგულ პირთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) თავმჯდომარე კეტრინ ბომბერგერიც.

თავის გამოსვლაში ჰასანოვმა განაცხადა, რომ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აღმოჩენილია 32 მასობრივი სასაფლაო. მისი თქმით, ხელისუფლებამ აღმოაჩინა და ამოასვენა 893 ადამიანის ნეშტი.

„მათგან 327 პირის ვინაობა დნმ-ის ანალიზისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, ხოლო 226 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა და დაიკრძალა“, – თქვა მან.

ჰასანოვმა ასევე განაცხადა, რომ 3 683 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ოფიციალური მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ აზერბაიჯანელთა საერთო რაოდენობა 4 010-ს შეადგენს.

მისი თქმით, „4 010 დაკარგული პირიდან 3 228 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 782 – სამოქალაქო პირი. სამოქალაქო პირებს შორის 71 არასრულწლოვანია, 288 – ქალი, ხოლო 319 – ხანდაზმული“.

ჰასანოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი „მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის ღიაა დაკარგულ პირთა საკითხის მოსაგვარებლად“ და განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის „ამ მიმართულებით სომხურ მხარესთანაც ითანამშრომლოს“.

თუმცა, მისივე განცხადებით, სომხეთს აზერბაიჯანისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ამავე კონფერენციაზე სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრმა ჯეიჰუნ რზაევმა, რომელიც სამხედრო ტყვეების, დაკარგული პირებისა და მძევლების საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ ამ თემაზე სომეხ კოლეგებთან პირველი შეხვედრა 2025 წლის თებერვალში გაიმართა. მისი თქმით, სომხეთს აზერბაიჯანისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია კვლავ არ გადაუცია.

„სომხური წარმოშობის დაკარგული პირების ბედის გარკვევის ხელშესაწყობად აზერბაიჯანმა შესთავაზა მათი ოჯახის წევრების დნმ-ის პროფილების გადაცემა“, – განაცხადა რზაევმა.

მისი თქმით, „სომხურმა მხარემ პირობა დადო, რომ შეისწავლიდა წარდგენილ მასალებს და აზერბაიჯანულ მხარეს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიდა, თუმცა დღემდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა“.

სომხეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო კომისიის მონაცემებით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღის პირველი ომისა და მომდევნო ესკალაციების შედეგად 777 სომეხი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო მეორე ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულია 195 პირი, მათ შორის 20 მშვიდობიანი მოქალაქე.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის მიერ რეგიონზე საბოლოო შეტევის შემდეგ მთიან ყარაბაღში დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 42 ადამიანი.

აზერბაიჯანულ სამთავრობო მედია APA-სთან ინტერვიუში ICMP-ის თავმჯდომარე კეტრინ ბომბერგერმა განაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ აზერბაიჯანის მთავრობას გადასცა მონაცემთა ბაზა, რომელიც, მისი იმედით, „იქნება მთავრობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივად დაკარგული პირების სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების საშუალება“.

ყოფილი იუგოსლავიის მაგალითზე დაყრდნობით ბომბერგერმა აღნიშნა, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა „შექმნეს დაკარგულ პირთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და 2021 წელს დანერგეს მონაცემთა აქტიური ბაზის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა“.

„ICMP ასევე ეხმარება აზერბაიჯანს დნმ-ის ანალიზში. ეს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენციაა. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დავეხმაროთ როგორც აზერბაიჯანს, ისე სომხეთს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში“, – განაცხადა ბომბერგერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ ნიდერლანდებში მდებარე საკუთარ ლაბორატორიებში უმასპინძლა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩასულ კვალიფიციურ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს.

თუმცა, მან დასძინა, რომ „ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც წესი, ჩონჩხის ნეშტიდან დნმ-ის გამოყოფაა“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ძლიერ დაზიანდა.

საძიებო ოპერაციების „უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ზუსტად“ ჩასატარებლად აზერბაიჯანის ხელისუფლება 2027 წელს სპეციალიზებული მიწისქვეშა რადარული სადაზვერვო სისტემების შეძენას გეგმავს.

სამხედრო ტყვეების, დაკარგული პირებისა და მძევლების საკითხებზე სახელმწიფო კომისიის მდივნის, გაზანფარ აჰმადოვის განცხადებით, ასეთი სისტემები „შესაძლებელს ხდის მიწისქვეშ არსებული დიდი ობიექტების, მათ შორის ადამიანის ნეშტების აღმოჩენას“.

30 ივნისს დაკრძალეს მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს დაღუპული და დაკარგულად მიჩნეული ექვსი აზერბაიჯანელის ნეშტი. მათგან ოთხი სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო ორი – სამოქალაქო პირი.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.