პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მარიამ მეყანწიშვილისთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს, – ამის შესახებ დღეს გამართული პროცესის შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.
„ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა ერთ-ერთ მსჯავრდენულთან მიმართებით სასჯელის ნაწილში. ეს არის მარიამ მეყანწიშვილი… სასჯელის დამძიმებაზე მითითებულია რიგი გარემოებები, მათ შორის ქმედებების ხასიათის სპეციფიკა, თავად მსჯავრდებულის დამოკიდებულება ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით.
აღიარება ბრალდებულის, მსჯავრდებულის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ბრალდების მხარის პრეროგატივაა შეაფასოს კონკრეტული ქმედებები. ამ შემთხვევაში, სასჯელის მიზნები, რაც გამომდინარეობს ბრალდებულის რესოციალიზაციიდან, პრევენციიდან და რა ძირითადი მიზნებიც გააჩნია სასჯელს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული – აღნიშნული სასჯელის მიზნების შეფასებით ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ უნდა წარმოედგინა სააპელაციო სარჩელი სასჯელის დამძიმების ნაწილში “, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
მეყანწიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული იყო. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მას ბრალად წარგენილი ჰქონდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან გამასწორებელ სამუშაოს ან შინაპატიმრობას ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.