„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის ოჯახი აცხადებს, რომ მათ შვილზე ციხეში ძალადობენ - პენიტენციური უარყოფს

პუბლიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.

გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი ბადრაგებს „დეესკალაციის ოთახში“ ჰყავდათ ჩაყვანილი და ძალადობდნენ. მათი ინფორმაციით, ეს დეკემბერში მოხდა. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება და ინფორმირებულია სახალხო დამცველი.

ოჯახის წევრები და ადვოკატი მიუთითებენ, რომ დავითაძეზე ძალადობა ამ დრომდე გრძელდება.

გიორგი დავითაძის ადვოკატი ირმა ჯანუაშვილი TV პირველს ეუბნება, რომ საქმეზე მიცემულია ჩვენებები, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები.

„დეკემბრიდან გიორგი დავითაძის მიმართ იწყება სისტემატური, პერმანენტული ძალადობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. სამ კვადრატულ მეტრ ოთახში მასზე ცხრა ადამიანი ძალადობს, რაც ჩვენებებში დეტალურად გვაქვს აღწერილი. ამოღებულია მისი საკნის ვიდეოჩანაწერებიც.

კადრებში ჩანს, რომ საკნიდან მისი გაყვანისას სრულიად უწყინარი ვითარებაა, გეგმური ჩხრეკისა თუ შემოწმების დროს პატიმარი მშვიდად გამოდის გარეთ და ბადრაგს უფლებამოსილების შესრულებას აცდის. ამის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, ბადრაგის თანამშრომლები კი დერეფანში საუბრობენ, რის მერეც კვლავ აღებენ კარს, შედიან და პატიმარი ქვემოთ ჩაჰყავთ. საბადრაგო სამსახური თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც გიორგი დავითაძე ძალადობისგან უნდა დაეცვა, თავად გვევლინება მოძალადედ“, – აცხადებს ადვოკატი.

გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე, რომელიც 2014 წელს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ კოალიციის სიით იყო შესული, მოითხოვს, რომ მისი შვილი სხვა ციხეში გადაიყვანონ.

„პატიმარს რომ ცივ კედლებში, ცივ ზამთარში გამოურთავ გამათბობელს და პულტს ჯიბეში ჩაიდებ იმის ნაცვლად, რომ გათბობა ჰქონდეს პატიმარს, შეგნებულად მიჰქონდათ პულტი, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. არაერთი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კიდე მიმდინარეობდა კვლევები, მთელი ჯირკვლები აქვს დაზიანებული. ეს არის აუტანელი. ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები.

პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ. არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, რომ ჩემი შვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ამ ჯალათური სისტემიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე“, – აცხადებს მამა TV პირველთან.

გიორგი დავითაძის საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყება პატიმარზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს.

პენიტენციურის მტკიცებით, გიორგი დავითაძე ხშირად არღვევს ციხის წესებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, რის გამოც არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი.

მათივე მტკიცებით, დეკემბერში გიორგი დავითაძეზე ძალადობა არ დადასტურდა.

„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი.

ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით“, – წერს პენიტენციური.