გერმანიაში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გაიმარჯვა. ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, AfD-მ არჩევნებში ხმების 38,2% მიიღო, ხოლო სოციალ-დემოკრატებმა (SPD), რომელსაც იქაური მხარის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობდა, ხმების 35.5%.
წინასწარი მონაცემებით, მხარის პარლამენტში მოხვედრა კიდევ ორმა პარტიამ შეძლო: სოციალისტურმა „მემარცხენე პარტიამ“ 6.5%-ითა და „მწვანეთა პარტიამ“ 5.7%-ით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) მძიმე მარცხი განიცადა. პარტიამ არჩევნებში 4.9% აიღო.
კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მათი პარტიის (CDU) შედეგი „კატასტროფული“ იყო, თუმცა მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების გატარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, ულტრამემარჯვენე პარტიის, AFD-ს, თანათავმჯდომარემ თქვა, რომ თავიანთ პარტიას ისინი დამარცხებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” მემკვიდრედ მიიჩნევენ.
Deutsche Welle წერს, რომ AfD-მ ვერ მოიპოვა მიწის პარლამენტში ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დამოუკიდებლად არჩევა არ შეუძლია.
მეკლენბურგ-წინა პომერანიის 2026 წლის მიწის არჩევნების მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) – 32 მანდატი, სოციალ-დემოკრატები (SPD) – 29 მანდატი, „მემარცხენე პარტია” და „მწვანეთა პარტია” კი 5-5 მანდატი.
ამასთან, წინასწარი შედეგებით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ Die Linke-მ ხმების 25.7% მიიღო, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ – 18.8%, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ – 16.3%, პარტია „მწვანეებმა” – 14.3%, ხოლო „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ -12.1%.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბერლინში 16-17 წლის მოქალაქეებს რეგიონულ არჩევნებში პირველად მიეცათ ხმის მიცემის უფლება. 16-24 წლის ამომრჩეველთა უმრავლესობამ კი სოციალისტურ მემარცხენე პარტიას დაუჭირა მხარი.
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანში რეგიონული არჩევნები 20 სექტემბერს ჩატარდა. გერმანული გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ AfD-მ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს, ამიტომ ახლა პარტიებს კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებები მოუწევთ.
6 სექტემბერს რეგიონალური არჩევნები გაიმართა ასევე საქსონია-ანჰალტიში, სადაც ულტრამემარჯვენე AfD-მ ხმების 43.8 მიიღო, ხოლო ფრიდრიხ მერცის CDU-მ კი – 17.2%.