საია: „არაფორმალური სადამსჯელო რაზმების შექმნის დაანონსება თავისუფალი აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის შემაშფოთებელი გაგრძელებაა“

პუბლიკა

გიორგი ქართველიშვილმა დღეს, 27 ივლისს „ეროვნული სიწმინდეების დაცვა“ დააანონსა და თქვა, რომ ამ მოტივით „საფრთხეს და ციხეში წასვლასაც არ მოერიდება“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი „არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება.“

 „დაჯგუფების შემქნელები იყენებენ ისეთ დეზიფორმაციულ, მადისკრედიტირებელ ლექსიკას, რომელიც ხშირია სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო ნარატივებში და აცხადებენ, რომ იწყებენ ბრძოლას „უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ”. გაკეთებულ განცხადებაში ასევე აშკარად ჩანს დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი (“თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება”),- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, სამართლადამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძაალდობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა.

საია-ში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს.

გიორგი ქართველიშვილი MMA მებრძოლია. სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას წარმოაჩენდა, როგორც კომიკოს და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირის, ნიკა ხურცილავას მეგობარს.

ქართველიშვილის „მოძრაობაც“ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეს დაეფუძნა.

22 ივლისს ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავა დააკავვეს და 2 დღეში 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ხურცილავას მხარს უჭერდა როგორც სამთავრობო პროპაგანდა, ისე უშუალოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი და დიმიტრი სამხარაძეც, რომელმაც თქვა, რომ მზად იყო, დაკავებულს თავდებში ჩაჯდომოდა.

ქართველიშვილი დღეს ოქრიაშვილს და სხვა კომიკოსებსაც დაემუქრა.

როგორც თქვა, „ონისე ოქრიაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს“ და სხვებმა, „ვინც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მათთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველს ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქართველიშვილი ამბობს, „თუ კი ისინი საზოგადოების რეაქციას დაინახავენ, შემდეგ კი ვერ გაიაზრებენ, რომ წითელ ხაზებს ისევ კვეთენ, ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს“.

„ვიმეორებთ, შევეცდებით, ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებენ, არც პატიმრობის შეგვეშინდება“, – თქვა გიორგი ქართველიშვილმა.

„სიწმინდეების დაცვის ინიციატივას“ მიესალმა არჩილ გორდულაძე. მისი თქმით, ყველას აქვს კანონის ჩარჩოში მოქცეული გაერთიანების შექმნის უფლება და „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, ქვეყნის რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე.“