ავტორი: ნეიტ ოსტილერი
რუსეთის სენატის თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ 6 აგვისტოს სომხეთის პარლამენტის ახლადდანიშნულ სპიკერთან, რუბენ რუბინიანთან საუბრისას თქვა, რომ თუ „მესამე ქვეყნების მოთხოვნით სომხეთში რუსეთის მოქალაქეების სისტემატური დაკავებები“ გაგრძელდება, რუს ტურისტებს შესაძლოა სომხეთში ვიზიტისგან თავის შეკავება ურჩიონ“.
მიუხედავად იმისა, რომ მატვიენკოს კონკრეტული შემთხვევა არ დაუსახელებია, ის სავარაუდოდ გულისხმობდა ცოტა ხნის მომხდარ ინციდენტს, როდესაც აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე სომხეთში შეცდომით დააკავეს რუსეთის მოქალაქე.
ეს გაფრთხილება სომხეთსა და რუსეთს შორის უკვე დიდი ხნის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაკეთდა. ცოტა ხნის წინ ხელახლა არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთი სულ უფრო მეტად ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც რუსეთის მხრიდან კრიტიკა და სხვადასხვა ფორმით წინააღმდეგობა მოჰყვება. ამავდროულად, სომხეთი ინარჩუნებს პოზიციას, რომ მას მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება სურს, რაც რუსეთთან არსებული ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
მატვიენკოს გაფრთხილება არ იყო ნახსენები სომხური მხარის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში – ერევანმა ყურადღება „საპარლამენტო დიალოგისა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის უწყვეტობის მნიშვნელობაზე“ გაამახვილა.
თუმცა რუბინიანმა უფრო მგრძნობიარე თემებიც წამოჭრა და რუსეთს მოუწოდა, მოხსნას ის „უსაფუძვლო“ შეზღუდვები, რომლებიც კრემლმა სომხური საქონლის იმპორტზე დააწესა.
ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა დაიწყო სხვადასხვა სომხური პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა ჯანმრთელობის რისკებისა და თანმდევი პრობლემების მომიზეზებით. ეს შემზღუდავი ზომები, რომელთა გამოყენებაც რუსეთმა არჩევნების შემდეგაც გააგრძელა, ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯები და რუსეთის უკმაყოფილების გამოხატულება ფაშინიანისა და სომხეთის გეოპოლიტიკური ორიენტაციის მიმართ.
თუმცა, რუსულ მედიაში მატვიენკოსა და რუბინიანის საუბარის გაშუქებისას ეს საკითხები თითქმის არ განხილულა. ყურადღება ძირითადად მატვიენკოს გაფრთხილებაზე გამახვილდა, რაც, სავარაუდოდ, ივლისში მომხდარ შემთხვევას უკავშირდებოდა, როდესაც სომხეთში რუსეთის მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-მა იგი შეცდომით ჰაკერად მიიჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მესამე ქვეყნის მოთხოვნას არ უკავშირდებოდა, სომხეთში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებამ დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მანამდე, ივლისის ბოლოს რუს ბლოგერ ნადეჟდა პიროჟკოვას სიძულვილის ენის გამოყენების ბრალდება წარუდგინეს მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სომხეთში ვარდავარის დღესასწაულის დროს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წყალი შეასხეს. ამავე ვიდეოში მან თავად ვარდავარის ტრადიცია „აგრესიულად“ მოიხსენია, ხოლო სომხებს „ვირთხების მსგავსები“ უწოდა.
პიროჟკოვა გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობაში იმყოფება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.