„რუსეთი მზადაა საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის“, – აცხადებს TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია.
„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, ეს დღეისათვის არ არსებობს. მიზეზი მსგავსი დიალოგისთვის მდგომარეობს იმაში, რომ ქართული მხარე მზად არაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია იმის განსჯა, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის გადალახვაში, თუმცა ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, – დასძინა გალუზინმა.“
გალუზინის თქმით, რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან.
„ხაზს ვუსვამ, რომ ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო გადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა“, – განაცხადა გალუზინმა.
მისი განცხადებით, „ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად“, ცდილობენ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ააშენონ.
„ბოლო წლებში სავაჭრო თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მივიჩნევთ ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადების შესახებ შეკითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს.
„თქვენ იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან, გასაგები მიზეზების გამო, ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედრაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ესაა ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს გახდება შესაძლებელი.
მე არ ვიცი [რა იგულისხმება ამ განცხადებაში], ჩადით მოსკოვში და ჰკითხეთ“, – უთხრა კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.