გახარიას პარტიამ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე კობახიძეს შეკითხვებით მიმართა

პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. საკითხი შეეხება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანას.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა კობახიძეს 6 შეკითხვა გაუგზავნა:

„2026 წლის 12 აგვისტოს, თქვენი განცხადების თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონკრეტულმა ბიზნესსუბიექტებმა ნავთობპროდუქტები შეიტანეს.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ თანხმობას.

მოგმართავთ პარლამენტის წევრის კითხვით შემდეგი ინფორმაციის მიღების მიზნით:

ა) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხმობის ასლი;

ბ) ბიზნესსუბიქტების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელეს;

გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  შესაბამისი კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული თანხმობა გაიცა;

დ) მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და საქონლის საბოლოო დანიშნულება;

ე) რა მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა აღნიშნული საქონელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ვ) არსებობს თუ არა რაიმე სახის მომართვა/თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ამ მომართვის ასლი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თანამდებობის პირი, რომელსაც პარლამენტის წევრმა კითხვით მიმართა, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა შეიძლება, კიდევ 10 დღით გაგრძელდეს.

თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვაზე პასუხში არ მიუთითოს ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.


12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა მისივე თქმით, საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ჩარჩოს ფარგლებში.

„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.

მისივე თქმით, რომ მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი.“

კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

ამჯერად საქართველოს მთავრობას სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. 2019 წელს მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლება აქვს მინიჭებული. სწორედ ამ სტატუსის მატარებელია „სოლიდუსი“.