ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ბენზინისა და დიზელის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საცავების განადგურებას უკავშირდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ საწვავის შეტანა „სხვა ქვეყნებიდან“ მოხერხდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, დე ფაქტო აფხაზეთში საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაცვით.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა [საწვავი]. თუკი რამე ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში და თუ ჩვენ მომავალშიც გვექნება იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამას მომავალშიც გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
რას ამბობს კანონი?
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. დაშვებულია გამონაკლისი.
კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
„დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი“
კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ყურადღებას ამახვილებს კანონის ჩანაწერზე „სპეციალური თანხმობის“ შესახებ და წერს, რომ სავარაუდოდ მთავრობამ ნება დართო ამ ქმედებას, თუმცა ამ ნებართვის საფუძველი, დასაბუთება და თანხმობის გაცემის დრო უცნობია.
გვარამიას მიაჩნია, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე ივანიშვილის მთავრობის პოზიციის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად.
„ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით.
დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესსუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი.
კონკრეტულად ვინ და როდის, და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს“, – წერს ნიკა გვარამია.
პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ღალატში მონაწილე კომპანიას სანქციები არ ასცდება“.
„ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას.
დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტერიტორიაზეც ყოფილიყო გადატანილი. ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება“, – წერს გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე მიუთითებს, რომ აფხაზეთში შესული ბენზინის უმეტესი ნაწილი „გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია“.
„სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი. აი ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ“, – წერს სააკაშვილი.
ის ასევე ეხმაურება „ოცნების“ ბოლოდროინდელ რიტორიკას „რუსოფობიასთან“ დაკავშირებით და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიდგომებზე კრიტიკას.
„ეს „რუსოფობიასთან“ მებრძოლი უთავმოყვარეო მთავრობა ჩვენ რომ გვადანაშაულებს რუსეთს მიჰყიდეს ყველაფერიო, სულ გაიბლანდნენ თავის მესიჯბოქსში – რუსეთს მივყიდეთ ყველაფერი და ტურისტებს ვეფერებოდით თუ რუსეთს ვაღიზიანებდით? ორივე როგორ იყო ერთდროულად შესაძლებელი?
დაიწყევლოს მართლა ის დღე, ივანიშვილს ცოლი რომ მოუყვა ორუელზე, რომლის იდეები ასე ჩაუჯდა თავში დიქტატორს, რომ ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე ერთი და იგივეა, მიშა რუსებს უწვებოდა და თან აღიზიანებდა. ხოლო ქოცები, როგორც ცხოველთა ფერმის ერთგული მაცხოვრებლები, ისტერიულად იმეორებენ ამ ორუელურ-ივანიშვილურ კოგნიტიურ დისონანსს”, – წერს სააკაშვილი.