„რადიო თავისუფლება“: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა

პუბლიკა

„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზ პარტნიორებს მიაწოდა.

„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, – უთხრა არველაძემ „რადიო თავისუფლებას.“

მისივე თქმით, რომ მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი.“

როგორც გიორგი არველაძე ამბობს, „აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა“.

არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი.

„რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება ბენზინის ახალი პარტიის გაგზავნა აფხაზეთში, არველაძე პასუხობს: „ნეტავ სულ ეგრე იყოს და სულ ქართული ნავთობპროდუქტები იყოს აფხაზეთში. ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში“.

12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა მისივე თქმით, საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ჩარჩოს ფარგლებში.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. დაშვებულია გამონაკლისი.

კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

ამჯერად საქართველოს მთავრობას სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. 2019 წელს მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლება აქვს მინიჭებული. სწორედ ამ სტატუსის მატარებელია „სოლიდუსი“.


დღეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საკითხის მიმართ სრული გამჭვირვალიბაა საჭირო, თუ რა მექანიზმებით კონტროლდება ეს პროცესი, რომ ამან რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები არ გააძლიეროს.

„ამ საკითხს კრიტიკულად უნდა შევხედოთ. აფხაზეთს, რუსეთის ეკონომიკური დასუსტების პირობებში, თბილისიდან მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს და ამ კრიზისის გამოყენება კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით შეიძლება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის პოტენციურად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ავტომატურად რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯად არ უნდა განვიხილოთ.

სწორედ ამიტომ არის საჭირო სრული გამჭვირვალობა: ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა არის მისი მიზანი, რა მექანიზმებით კონტროლდება პროცესი, რომ მან რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები არ გააძლიეროს და რა პოლიტიკური სტრატეგია ახლავს მას. ჰუმანიტარული ან სამოქალაქო საჭიროებების დაკმაყოფილება და რუსეთის ინტერესების გაძლიერება ერთი და იგივე რამ არ არის, მაგრამ გაუმჭვირვალე პოლიტიკამ შეიძლება ეს ორი ერთმანეთში მართლაც აურიოს და რუსული თამაშის ნაწილი გახადოს.

აფხაზეთის საკითხში განსაკუთრებით პრობლემურია ისიც, რომ კრიზისის შესაძლებლობად გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მას თან ახლავს პოლიტიკური ხედვა. „ქართულ ოცნებას” ასეთი ხედვა არ აქვს და ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული დეოკუპაციისა და ნდობის აღდგენის სტრატეგიული დოკუმენტები” – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ოპოზიციამ კი ამ ნაბიჯში რუსეთისთვის დახმარების გაწევის საფრთხე დაინახა.

მაგალითად, ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე ივანიშვილის მთავრობის პოზიციის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად.

პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ღალატში მონაწილე კომპანიას სანქციები არ ასცდება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე მიუთითებს, რომ აფხაზეთში შესული ბენზინის უმეტესი ნაწილი „გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია“.

ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ბენზინისა და დიზელის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საცავების განადგურებას უკავშირდება.