რადიო თავისუფლება: ნიკა გილაურს სახლი გაუყიდეს და $12 მილიონის გადახდა დააკისრეს

პუბლიკა

„რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ნიკა გილაურის შესახებ.

„რადიო თავისუფლების“ თანახმად, გილაურის წავკისის ვილა სახელმწიფო აუქციონზე თითქმის 4 მილიონ ლარად გაიყიდა. ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მილიონ 876 ათას ლარად იყო შეფასებული, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში გაყიდა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, აუქციონზე გაყიდული სახლი გილაურის წინააღმდეგ დასრულებულ მრავალმილიონიან სასამართლო დავას უკავშირდება. სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის კომპანიებს ყოფილი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა. ამ გადაწყვეტილებას კი ქართველი და უცხოელი იურისტები მწვავედ აკრიტიკებენ და მას სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

აუქციონი

16 ივლისს ელექტრონულ აუქციონზე წავკისში მდებარე 3 368 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1 157 კვადრატული მეტრის ვილა გაიყიდა. ქონებას ღია აუზი, ჩოგბურთის კორტები და ფარეხი აქვს.

აუქციონი 487 ათასი ლარიდან – ქონების შეფასებული ღირებულების 10 პროცენტიდან დაიწყო. 70-ზე მეტი ბიჯის შემდეგ, ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელებულ ვაჭრობაში სამი ანონიმური მონაწილე ჩაერთო.

ვაჭრობის ბოლოს ერთ-ერთმა მონაწილემ ფასი ერთბაშად 438 840 ლარით გაზარდა და საბოლოოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვილა 3 მილიონ 998 ათას 320 ლარად შეიძინა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სახლის ახალი მფლობელი ბიზნესმენი ვანო სტურუაა – ირაკლი გილაურის, ნიკა გილაურის ძმის, ყოფილი ბიზნესპარტნიორი.

სასამართლო დავა

სასამართლო დავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სამი მცირე ჰესის – იფარის, ხელრასა და ნაკრას – მშენებლობას უკავშირდება.

2015 წელს ნიკა გილაურთან და მის ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირებულმა კომპანია „აკვაჰიდრომ“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით სამი ჰესის მშენებლობისა და მართვის უფლება მიიღო. მშენებლობისთვის კომპანიამ „ბლექსი გრუპი“ დაიქირავა.

ორი ჰესი ამუშავდა, თუმცა მესამე – ნაკრა ჰესის – მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა. რამდენიმე თვის შემდეგ „აკვაჰიდრომ“ „ბლექსი გრუპთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და სამუშაოს დასასრულებლად სხვა კომპანია დაიქირავა.

2021 წელს „ბლექსი გრუპმა“ სასამართლოს მიმართა და გილაურთან დაკავშირებული კომპანიებისგან რამდენიმე მილიონი ლარისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მოითხოვა. გილაურის მხარემ კი საპასუხო სარჩელი შეიტანა და მშენებელ კომპანიას 14,5 მილიონი ლარი მოსთხოვა.

საქმე სასამართლოში ოთხი წლის განმავლობაში განიხილებოდა. საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გილაურისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო და მათ, ყოფილი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა.

გილაურის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ორივე ინსტანციამ ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამის შემდეგ დაიწყო გილაურისა და მისი ბიზნესპარტნიორების ქონების დაყადაღება და იძულებითი აღსრულება.

სასამართლოს „გაუგონარი გადაწყვეტოლება“

„რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მათი დამოუკიდებელი იურიდიული შეფასებები მიუთითებს ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხზე – რატომ დაეკისრა პირადი ფინანსური პასუხისმგებლობა თავად ნიკა გილაურს და იმ კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ სადავო ხელშეკრულებების მხარეები არ ყოფილან.

ჰესების მშენებლობის უშუალო დამკვეთი შპს „აკვაჰიდრო“ იყო, ხოლო შემსრულებელი – „ბლექსი გრუპი“. ნიკა გილაურს სადავო ხელშეკრულებებთან პირადი, პირდაპირი იურიდიული კავშირი არ ჰქონია.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ უშუალო დამკვეთ კომპანიას, არამედ პირადად ნიკა გილაურსა და მის სხვა კომპანიებსაც დააკისრა, მათ შორის საკონსულტაციო ფირმა „რეფორმატიკსს“, რომელსაც ჰესების მშენებლობასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა.

ქართული და გერმანელი იურისტები – გიორგი ჯუღელი და ჰაინ ბიოლინგი – 2026 წელს გამოქვეყნებულ სამართლებრივ ანალიზში ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ.

მათი შეფასებით, სასამართლომ პრაქტიკულად გააქრო ზღვარი იურიდიულ პირსა და მის პარტნიორს შორის და კორპორაციული ვალდებულებები ფიზიკურ პირს დააკისრა ისე, რომ არ დაასაბუთა პირადი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელი განსაკუთრებული გარემოებები.

ექსპერტები განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევენ იმას, რომ გილაურს პასუხისმგებლობა დაეკისრა რამდენიმე კორპორაციული საფეხურის გავლით – ანუ იმ კომპანიის ვალდებულებებზე, რომლის პირდაპირი სახელშეკრულებო მხარეც არც თავად ყოფილა და არც მისი ზოგიერთი სხვა კომპანია.

„ხელშეკრულების მხარის მე-2 საფეხურის მშობელი კომპანიის დომინანტი პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის დადგენით, სასამართლო სამსაფეხურიან გამჭოლ პასუხისმგებლობას აწესებს ე.ი. პირად პასუხისმგებლობას სამი კორპორაციული საფარვლის გავლით. ეს გარემოება განხილულ გადაწყვეტილებას სრულ უნიკუმად აქცევს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უშვებს მსგავს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც არ მოიძებნება“, – წერენ დასკვნაში იურისტები გიორგი ჯუღელი და ჰაინ ბიოლინგი – სამართლებრივი დასკვნის ქართველი და გერმანელი ავტორები.

ორი ქართველი იურისტიც, რომელთაც „რადიო თავისუფლებამ“ სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად შეაფასებინა, იმავე დასკვნამდე მივიდა: მათი თქმით, მხოლოდ კომპანიის პარტნიორობა ან მასთან კავშირი არ შეიძლება გახდეს პირადი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

რატომ დაჩქარდა სასამართლო განხილვები

ნიკა გილაური 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და ბიზნესში გადავიდა.

მომდევნო წლების განმავლობაში ის ძირითადად საერთაშორისო საკონსულტაციო საქმიანობით იყო დაკავებული. მისი კომპანია „რეფორმატიკსი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს რეფორმების საკითხებზე კონსულტაციას უწევს.

გილაური ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაბრუნდა. ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური გაერთიანებების ფინანსურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა – „საქართველოს მესამე რესპუბლიკა“.

„რადიო თავისუფლება“ იხსენებს, რომ იმავე პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა გილაურმა რამდენიმე მილიონი ლარით (სხვადასხვა წყარო დაახლოებით 10 მლნ ლარს ასახელებს) დააფინანსა გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარიას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის”. ამ გაერთიანების რამდენიმე ლიდერი მოგვიანებით დაადასტურებს გილაურთან თანამშრომლობას, მათ შორის საარჩევნო შემოწირულების მიღებას. ოფიციალური წყაროებით, კოალიცია 5,6 მილიონი ლარით შემოწირულებით „ქართული ოცნების” შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 23 ოქტომბერს ნიკა გილაურმა გამოაქვეყნა თავისი და „რეფორმატიკსის“ გუნდის 100-გვერდიანი დოკუმენტი – „საქართველოს მესამე რესპუბლიკა” – ქვეყნის რუსული ორბიტიდან ჩამოშორების და ევროპულ ოჯახში დამოუკიდებელი სასამართლოთი, დაცული ადამიანის უფლებებით დაბრუნების მისეული ხედვა. ამ გეგმის მიხედვით, წლების შემდეგ გამდიდრებული საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც იბრუნებდა.

არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, გილაური „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსად იქცა.

მან შექმნა ფონდი „Prosperity Georgia“, რომელიც საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ფინანსურად ეხმარებოდა. ფონდის ანგარიშზე რამდენიმე თვეში მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

პირველი ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, გილაურმა “ტვ პირველის” ეთერში ბიზნეს მედია საქართველოს (BMG) ჟურნალისტს მისცა – „ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმური უწოდა, გააკრიტიკა საპროტესტო გამოსვლების დაშლა და თქვა, რომ საჭირო იყო „ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.

გილაურმა ღიად მიმართა საჯარო მოხელეებს და, ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო სამსახურებიდან დათხოვნის შემთხვევაში, მისი ფონდიდან კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა. გილაურის დაფუძნებულმა ფონდმა 2024 წლის დეკემბრიდან 3 თვეში 1 მილიონ 246 ათასი ლარის შემოწირულება მიიზიდა პროევროპული აქციების მონაწილეების დასახმარებლად.

2025 წლის მარტში პროკურატურის გამოძიების ფარგლებში გილაურის ფონდი და კიდევ რამდენიმე მსგავსი ორგანიზაცია დააყადაღეს. გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის.

ამის შემდეგ ნიკა გილაური საჯარო სივრციდან პრაქტიკულად გაქრა.

იძულებითი გაყიდვა

„რადიო თავისუფლების“ გამოძიების მიხედვით, ნიკა გილაურის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა სწორედ იმ პერიოდში დაჩქარდა, როდესაც ყოფილი პრემიერი ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი და ანტისამთავრობო პროტესტის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდამჭერი გახდა.

საქმე, რომელიც 2021 წლიდან დიდი პაუზებით მიმდინარეობდა, 2025 წელს სწრაფად დასრულდა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შემდეგ სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს.

შედეგად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო გილაურისა და მის ბიზნესთან დაკავშირებული ქონების იძულებითი გაყიდვა.

პირველი ყველაზე თვალსაჩინო ქონება – წავკისის ვილა – უკვე ახალ მფლობელს ეკუთვნის.

თუმცა „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს შესაძლოა ბოლო იძულებითი გაყიდვა არ იყოს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გილაურისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღსრულება გრძელდება, ხოლო გადასახდელი თანხა მის სრულ დაფარვამდე იზრდება.

თავად ნიკა გილაური ამ ეტაპზე საქმეზე საჯაროდ არ საუბრობს. „რადიო თავისუფლებისთვის“ გაგზავნილ პასუხში მან განაცხადა, რომ იურიდიული პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ადვოკატების რჩევით კომენტარსა და ინტერვიუს არ აძლევს.