ზვიად ცეცხლაძე პატიმრების მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს

პუბლიკა

ზვიად ცეცხლაძე საზოგადოებას მიმართავს წერილით, რომელშიც ციხეში არსებულ პირობებზე, სისტემურ წამებასა და პატიმრების მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. წერილში ის აღწერს გადატვირთულ საკნებს, სამედიცინო დახმარების პრობლემებსა და კარანტინში არსებულ მძიმე სანიტარულ პირობებს.

ცეცხლაძე წერს, რომ ეს საკითხები მხოლოდ მას არ ეხება.

„სისტემა არის აბსოლუტურად დეჰუმანიზებული, ადამიანების მიზანმიმართულ გატეხასა და განადგურებაზე ორიენტირებული“.

ცეცხლაძის თქმით, ოთხ ადამიანზე გათვლილ საკანში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო 19 აგვისტოს მათთან მეექვსე პატიმარი შეიყვანეს, რომელიც, მისი აღწერით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

„ოთხი კაცზე გათვლილ საკანში ვიმყოფებით ხუთნი, როცა 19 აგვისტოს ჩვენთან შემოიყვანეს მეექვსე პატიმარი (ბრალდებული), უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ფეხმოტეხილი კაცი, ჯერ ადმინისტრაციიდან „D“ კორპუსში, შემდეგ კი „E“ კორპუსში რამდენიმე სართული ატარეს ყავარჯნების გარეშე. ადამიანი ცალ ფეხზე ხტომით შემოვიდა ჩვენს საკანში, რადგანაც მეორე ფეხი თაბაშირში აქვს შეხვეული და ამ ფეხზე დაყრდნობა მომდევნო თვენახევარი აკრძალული აქვს“.

მისი განცხადებით, თანამესაკნეებს დაზიანებული ფეხის მქონე პატიმრისთვის ქვედა საწოლი დაუთმეს და საკუთარი რესურსებით დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა არ შეეძლოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვედა საწოლი დავუთმეთ და მივეცით ყველაფერი, რისი გაღებაც ჩვენი მცირე რესურსებით შეგვეძლო, ჩვენ არ შეგვიძლია სამედიცინო დახმარების გაწევა. ადამიანს უჭირს ფიზიკურად გადაადგილება, არ შეუძლია დამოუკიდებლად ბანაობა და საპირფარეშოთი ნორმალურად სარგებლობა“.

ცეცხლაძის თქმით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის საკანში მოთავსება დაუშვებელი იყო და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვეს.

„როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ვუთხარით, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება კაცის შემოყვანა ციხის კამერაში და ამის ნაცვლად ერბეზე (ციხის საავადმყოფოში) დააწვინონ, გვიპასუხეს, რომ როგორმე თქვენით უნდა მიხედოთო“.

მისივე თქმით, პატიმრებს უთხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმი მას წამლებს მიუტანდა. ცეცხლაძე წერს, რომ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ დაზიანებულ პატიმარს ცარიელი ბალიში და ლეიბი მიუტანეს, თუმცა თეთრეული არ ჰქონდათ.

„ოღონდ, იცით, თეთრეული რატომ არ მოუტანეს? იმიტომ, რომ ციხეს ჩვენს კორპუსში ფიზიკურად იმდენი თეთრეული აღარ აქვს, რამდენი პატიმარიცაა (ცხადია, ჩვენ ჩვენი თეთრეული მივეცით)“.

მისი თქმით, მოგვიანებით პატიმარს ძველი და დაზიანებული ერთი ყავარჯენი მიუტანეს, მეორე ყავარჯნის მიტანას კი რამდენიმე დღეში დაჰპირდნენ.

„ოღონდ რაც მოუტანეს, ისიც უვარგისი აღმოჩნდა. ეს ცალი ყავარჯენი იყო საჭირო ზომაზე პატარა და რეზინის ძირიც ამძვრალი ჰქონდა, რაც სახიფათო იყო გამოსაყენებლად. პატიმარი იძულებული გახდა, ეს ყავარჯენი უკან დაებრუნებინა“.

წერილში ასევე საუბარია სპეციალური დასაჯდომის საჭიროებაზე, რათა დაზიანებულ პატიმარს საპირფარეშოთი სარგებლობა შეძლებოდა. ცეცხლაძის განცხადებით, თავდაპირველად მას ძველი, დაჟანგული და გატეხილი ლითონის კონსტრუქცია მიუტანეს.

„მოუტანეს რაღაც ძველი, დაჟანგული, ლითონის იმიტირებული სკამი საზარელი სუნით, რომელიც ასევე გატეხილი აღმოჩნდა და ყოვლად არაჰიგიენურობასთან ერთად, უსარგებლოც“.

მისი თქმით, მოგვიანებით ადმინისტრაციამ კონსტრუქცია ნაკლებად დაჟანგულით შეცვალა, თუმცა, ცეცხლაძის განცხადებით, მისი სუნი კამერაში ყოფნას აუტანელს ხდიდა და ზომის გამო საპირფარეშოთი სარგებლობას სხვა პატიმრებსაც ურთულებდა.

„პატიმარი იძულებული გახდა ესარგებლა აღნიშნული იმიტირებული დასაჯდომით“.

ცეცხლაძე ამ კონტექსტში პენიტენციური კოდექსის 112-ე და 113-ე მუხლებსაც იმოწმებს:

„ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად“.

„ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს“.

ზვიად ცეცხლაძე წერს, რომ დაზიანებული პატიმარი საკანში მძიმე სულიერი ტრავმითაც მივიდა. ცეცხლაძის თქმით, მან გაიგო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას პატიმარს დაზიანებული ფეხი საერთოდ არ ჰქონდა შეხვეული და ამ მდგომარეობაში რამდენიმე დღე გაატარა.

„ფეხი მხოლოდ ციხეში გადმოყვანის შემდეგ შეუხვიეს და რამდენიმე დღე კარანტინში საშინელ პირობებში ამყოფეს.“

ცეცხლაძე კარანტინში არსებულ პირობებსაც აღწერს.

„ზოგადად, კარანტინი საშინლად მოუწესრიგებელია. კედელზე ყველგან ტარაკნები არიან, წვიმისგან კამერაში გუბდება წყალი, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, საშინელ სუნთან ერთად, ვირთხებიც ამოდიან. სუფთა ადგილს ფიზიკურად ვერ იპოვი, რომ ჩამოჯდე და მაშინაც კი, როცა შუქი ანთია – უკუნეთი წყვდიადია“.

მისი თქმით, აღნიშნულ პირობებს ნებისმიერი პატიმარი დაადასტურებს. ცეცხლაძე ასევე აღწერს შემთხვევას, რომელიც, მისი ინფორმაციით, კარანტინში მოხდა, როდესაც ხანდაზმულ მამაკაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა.

„კარანტინში ყოფნისას მასთან შეიყვანეს ხნიერი მამაკაცი (70 წლამდე), რომელსაც დაემართა ეპილეფსიური შეტევა და ჩავარდა კრუნჩხვებში. როცა დახმარებას ითხოვდნენ, ციხის თანამშრომელმა უთხრა, რომ „მაგას ემართება ხოლმე ეგრეო“.

წერილის ავტორის განცხადებით, მამაკაცს უნებლიე შარდვა დაეწყო და დახმარების მიღებამდე საკუთარ შარდში მოუწია წოლა.

„ამ ფაქტის შემდეგ ადამიანს აქვს პანიკური შიში, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს კარანტინში“.

ცეცხლაძე პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლსაც იმოწმებს, რომლის თანახმადაც:

„ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“

მისი შეფასებით, ადამიანის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება ღირსების შემლახავია და ფიზიკური და სულიერი ტკივილის გამო წამებას უთანაბრდება.

ზვიადი წერს, მომხდარით აღშფოთებულებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა კატეგორიულად მოითხოვეს. მისი განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს შეხვედრას მანამდეც არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ.

„ვესაუბრეთ კორპუსის უფროსს. ავუხსენით, რომ ამ მძიმე ჯანმრთელობის მქონე ადამიანს ჩვენ სათანადოდ ვერ მოვუვლიდით. ჩვენ თავადაც ველით სამედიცინო დახმარებას“.

ცეცხლაძე საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზეც წერს – ამბობს, რომ რამდენიმე თვეა, კანის ექიმთან არ გადაჰყავთ, ხოლო მისი მეორე თანამესაკნე ორ კვირაზე მეტია ექიმთან შეხვედრასა და დაზიანებული ხელის რენტგენის პასუხის მიღებას ცდილობს.

„მესმის, რომ ციხე გადავსებულია და რიგი უფლებებით ამიტომ ვერ ვსარგებლობთ, მაგრამ ვუთხარი, რომ მიუღებელია, ადამიანებს ასე მოექცნენ. ასე ცხოველებსაც კი არ ეპყრობიან და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულების მოთმენას არ ვაპირებდით“.

მისივე თქმით, პასუხად „ზერელე“ ტონი და მუქარა მიიღო:

„შენ ციხე არ გინახავს“. 

ცეცხლაძე წერილში კითხულობს, რას გულისხმობს ეს მუქარა და რა პირობებით სარგებლობს ისეთი, რომ ციხე „კურორტად“ ექცეს.

„მე ძალიან მაინტერესებს, რა არ მინახავს ციხეში? რა პირობებით ვსარგებლობ, რომელიც ციხეს „კურორტად“ მიქცევს?“

ის მიუთითებს პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აცხადებს, რომ კანონით თითო პატიმრისთვის თავისუფალი სივრცე 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც, მისი თქმით, საკანში თითო პატიმარზე 1 კვადრატულ მეტრზე ნაკლები სივრცე მოდის.

ცეცხლაძე ასევე საუბრობს ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაკლებობაზე, სატელეფონო ზარით სარგებლობის შეზღუდვაზე, განათლების უფლების შეზღუდვასა და ციფრული სწავლების ფორმით სარგებლობის შეუძლებლობაზე.

„ციხეს დღემდე არ გადმოუცია ჩემთვის ელექტრონული წიგნაკი, რომელიც კანონით მერგება, როგორც სტუდენტს“.

მისი განცხადებით, პატიმრები ვერ მონაწილეობენ სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში და მათ ეკრძალებათ ციხის ეკლესიაში ასვლა წირვის დროს.

„ბოლოს და ბოლოს, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია პენიტენციური კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული „ჯანმრთელობის დაცვის უფლება“.

წერილში ასევე საუბარია ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ერთ სივრცეში მოთავსებაზე. ცეცხლაძე ამ კონტექსტში პენიტენციური კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტს იმოწმებს:

„შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან“.

მისივე განცხადებით, ერთ პატარა ჩაკეტილ ოთახში ერთად იმყოფებიან მწეველები და არამწეველები.

არამწეველებიცა და მწეველებიც ერთ პატარა, ჩაკეტილ ოთახში ვართ და არავის ანაღვლებს, რომ სიგარეტის ბოლი ყელს გვწვავს ყოველ ჩასუნთქვაზე“.

ცეცხლაძე ასევე მიუთითებს პენიტენციური კოდექსის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილზე:

„ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე“.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ექვსი ადამიანი ერთ პატარა კამერაში არიან გამომწყვდეულნი, რაც ხშირად დაძაბულობას იწვევს.

„მსგავს სტრესულ გარემოში ხშირად შეუძლებელია ჭამა, ძილი და ვარჯიში“.

წერილის ბოლოს ზვიად ცეცხლაძე მკვეთრად პასუხობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის სიტყვებს, რომ მას „ციხე არ უნახავს“.

„ამ ყველაფრის შემდეგ რითი გვემუქრებიან, რომ „ციხე არ გვინახავს“? რა უნდა გვანახონ? ცემის კორიდორებში უნდა გაგვატარონ, თუ როცა ჩვენი ჯერი დადგება, ფეხმომტვრეული ცხოველებივით მოგვექცნენ? ან უმწეო მდგომარეობაში დარჩენილები საკუთარ შარდში ამოგვსვარონ?

თუ ასე დგას საკითხი, მე პირადად – ზვიად ცეცხლაძე – მოვითხოვ, რომ ნამდვილი ციხე მანახოთ! მიმიფურთხებია თქვენი კარცერისთვის, კარანტინისთვისა თუ დეესკალაციისთვის.

თქვენ მარტო იმიტომ ვერ დაგვამარცხებთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვის ამ ეკლიან, უვალ გზაზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა გათელეს, ღვთის მადლი უხვად მოეფინება, ხოლო თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?!“

წერილის ბოლოს ის სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსაც მიმართავს:

იოსელიანო, თურმე შენთვის დაწერილა – „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“.