ავტორი: ანი ღულინიანი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროკავშირსა (EU) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ევრაზეს/EAEU) წევრობას შორის. ამით მან სხვა რუსი ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები გაიმეორა.
ლავროვის სიტყვები ორ ქვეყანას შორის გაღრმავებულ დაპირისპირებას ასახავს. სომხეთი ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, რასაც რუსეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან შეუთავსებლად მიიჩნევს. ფაშინიანს სურს, შეცვალოს რუსეთის მიერ მართული ეროვნული რკინიგზის მფლობელობის სტრუქტურა, რადგან მიიჩნევს, რომ არსებული მოდელი უცხოურ ინვესტიციებს აფრთხობს. ეს ორი საკითხი ხაზს უსვამს სომხეთის მცდელობას, შეინარჩუნოს ბალანსი ისტორიულ პარტნიორ რუსეთთან ურთიერთობასა და დასავლეთისკენ აღებულ კურსს შორის.
სომხეთის მსაუბრისას ევროკავშირისკენ სწრაფვაზე ლავრევმა თქვა, რომ ფაშინიანის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირში გაწევრებაზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ განაცხადის წარდგენისა და „საგზაო რუკის“ შემუშავების შემდეგ არის შესაძლებელი, აჩვენებს, რომ მას „არ სჯერა საკუთარი ხალხის“. ლავროვმა გაიხსენა, რომ მაისში ევრაზიული კავშირის ქვეყნებმა მოუწოდეს სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი იმის დასადგენად, რჩება ევრაზეს-ში თუ უერთდება ევროკავშირს, რაც, მისი თქმით, სრულიად გამართლებული მოთხოვნაა.
„ერთი ორგანიზაციის წესები მეორის ორგანიზაციის წესებთან შეუთავსებელია. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, სომხეთს ახლა არჩევანის გაკეთება უწევს ევროკავშირსა და იმას შორის, რაც მას უკვე აქვს. მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც, მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ერთ წელიწადში 12 მილიარდ დოლარს მიაღწია. მას არ დაუკონკრეტებია, სომხეთსა და ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობას გულისხმობდა თუ სომხეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობას.
რკინიგზის საკითხზე საუბრისას ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა თავისი მხრიდან ყველაფერი გააკეთა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთი რკინიგზის კონცესიას პარტნიორთან პირდაპირი კომუნიკაციის ნაცვლად საჯაროდ განიხილავს.
სომხეთის სარკინიგზო სისტემა ეკუთვნის რუსეთის რკინიგზას (RZhD) 30-წლიანი კონცესიის საფუძველზე, რომელიც 2008 წელს გაფორმდა, ანუ, ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის სახელმწიფო რკინიგზას სომხეთის ეროვნული რკინიგზის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს.
აგვისტოს დასაწყისში ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მიერ მართულ ეროვნულ რკინიგზასთან დაკავშირებით რუსეთთან კომპრომისის მიღწევაზე მოლაპარაკებას ცდილობს და არა რუსეთის რკინიგზის (RZhD) მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმებას.
ფაშინიანმა RZhD-ს სომხეთში ყოფნის დასრულებისკენ პირველად თებერვალში მოუწოდა იმ არგუმენტით, რომ რუსული კონტროლი ხელს უშლის საერთაშორისო პარტნიორებისგან ინვესტიციების მოზიდვას. ივლისში ფაშინიანი რუსეთს მართვის უფლებების გამო საარბიტრაჟო დავითა და RZhD-ისთვის წლიური 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ანგარიშის წარდგენით დაემუქრა, რასაც რუსეთის მხრიდან გაფრთხილებები მოჰყვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთი დაადანაშაულა სომხეთის „შანტაჟში“ რკინიგზის კონცესიასთან დაკავშირებით.
„ისინი სატრანსპორტო სექტორიდან „რუსული ფაქტორის“ მოცილებას ითხოვენ და სანაცვლოდ გვპირდებიან მრავალმილიონიან ინვესტიციებსა და იმ პროექტებზე წვდომას, რომელთა ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა ძნელად თუ არის აშკარა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა საკუთარი პოზიციები რუსეთისა და მისი უსაფრთხოების ბლოკის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო/ОДКБ) მიმართ „გამჭვირვალედ, საჯაროდ და პატიოსნად“ გამოხატა.
რუსეთმა ასევე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ სომხეთის წევრობა კუხოში. ერევანმა ორგანიზაციის წევრობა 2024 წლის დასაწყისში „გაყინა“. 24 აგვისტოს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის კუხოში წევრობის აღდგენა მისი მთავრობის ხუთწლიან გეგმაში არ შედის.
„ძალიან გამიხარდებოდა, თუ ორგანიზაცია გადაწყვეტდა სომხეთის კუხოდან გარიცხვას. ეს გაგვათავისუფლებდა დილემისგან გავიდეთ თუ არა ორგანიზაციიდან“, – განაცხადა მაშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.