ავტორი: ანი ღულინიანი
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის სახელმწიფო რკინიგზასთან (RZhD) კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობს და ამ ეტაპზე არ გეგმავს, ცალმხრივად გააუქმოს 2008 წელს გაფორმებული 30-წლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთის სახელმწიფო რკინიგზას სომხეთის ეროვნული რკინიგზის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს.
ფაშინიანმა რუსეთის რკინიგზას სომხეთში ყოფნის დასრულების მოთხოვნა პირველად თებერვალში წამოაყენა და განაცხადა, რომ რუსეთის კონტროლი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებას აფერხებს. ივლისში ის RZhD-ს საარბიტრაჟო დავითა და მართვის უფლებისთვის ყოველწლიურად 2 მილიარდი აშშ დოლარის მოთხოვნით დაემუქრა, რასაც რუსეთის მხრიდან გაფრთხილებები მოჰყვა.
13 აგვისტოს კი, კომპრომისულ გამოსავალზე საუბრისას, ფაშინიანმა წინა განცხადებებისგან განსხვავებული პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, კონცესიის უფლებები მხოლოდ ნაწილობრივ გაყიდოს და სომხეთის რკინიგზის მეწილედ დარჩეს.
მისი თქმით, ეს სწრაფი გამოსავალი არ იქნება, თუმცა ასეთი ნაბიჯი სომხეთს საბოლოოდ უფრო ფართო საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს, რაც, მისი აზრით, ქსელში რუსეთის ჭარბი წილის არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.
„მე ეს მოვლენათა განვითარების ერთ-ერთ შესაძლო სცენარად შემოგთავაზეთ, თუმცა კონკრეტულად არაფერი მქონდა მხედველობაში“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამ განცხადებამდე, ივლისში, ფაშინიანი რუსეთის რკინიგზას მისი მართვის უფლების სანაცვლოდ ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის მოთხოვნით სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
ამას როგორც კრემლის, ისე თავად რუსეთის რკინიგზის მხრიდან გაფრთხილებები მოჰყვა. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სარკინიგზო ქსელზე რუსეთის კონტროლის დასრულებას „ალტერნატივა არ აქვს“ და საერთაშორისო არბიტრაჟის იდეაც წამოაყენა.
საპასუხოდ, რუსეთის რკინიგზის თავმჯდომარე ოლეგ ბელოზეროვმა მოითხოვა, რომ ერევანს კომპანიისთვის 2009 წლიდან განხორციელებული დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები აენაზღაურებინა, ხოლო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა სომხეთის მხრიდან დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნას „უსაფუძვლო“ უწოდა.
ფაშინიანმა რკინიგზის საკითხი სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან (EAEU) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ/კუხო) უფრო ფართო ურთიერთობებს დაუკავშირა. ევრაზიულმა კავშირმა რამდენიმე თვის წინ სომხეთს მოუწოდა, რეფერენდუმი ჩაატაროს და გადაწყვიტოს, კავშირში დარჩენა სურს თუ ევროკავშირში გაწევრება. რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა უსაფრთხოების გაერთიანება ОДКБ/კუხო-მ კი განაცხადა, რომ ნოემბერში დაგეგმილ სხდომაზე შესაძლოა სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი განიხილოს.
„[ევრაზიული კავშირის მხრიდან] არსებობს მოლოდინი, რომელსაც სომხეთი არ დათანხმებია, რომ სომხეთმა ევრაზიულ კავშირთან ექსკლუზიური ურთიერთობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სომხეთის იმპორტი და ექსპორტი მხოლოდ ერთ მიმართულებაზეა დამოკიდებული, თავისთავად პრობლემურია. მისი აზრით, ქვეყანამ ბაზრების დივერსიფიკაციაზე უნდა იზრუნოს და ერთ კონკრეტულ პარტნიორზე დამოკიდებული არ უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობები.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებებზე, რომლებიც აზერბაიჯანელი სპეციალისტების მიერ სომხეთის ელექტროსადგურებში განხორციელებულ ბოლო ვიზიტებს ეხებოდა. მან საზოგადოებაში ამ ვიზიტებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება განიხილა და აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტი ორი იყო და ორივე მათგანი წინასწარ იყო დაანონსებული.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის სექტემბერში აზერბაიჯანული დელეგაციების სომხეთში ვიზიტის შესახებ განცხადება მართლაც გავრცელდა, მასში არაფერი თქმულა აზერბაიჯანელი სპეციალისტების მიერ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძებისთვის შესაძლო ადგილების შესწავლაზე. მეორე ვიზიტის შესახებ, რომელიც ფაშინიანმა ახსენა და რომლის თარიღადაც 2026 წლის 15 იანვარი დაასახელა, მთავრობის ვებგვერდზე პრესრელიზი ხელმისაწვდომი არ არის.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი ასევე გააკეთა ალიევის ბოლო განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს სომხეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა სომხეთში წინასწარი კვლევები ჩაატარეს და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძების შესაძლო ადგილები დაადგინეს.
„იმედი მაქვს, რომ სომხური მხარე ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ გააჭიანურებს. ბოლოს და ბოლოს, ეს მათ ყველაზე მეტად შეიძლება დასჭირდეთ, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მათი ენერგიის ძირითადი წყარო ატომური ელექტროსადგურია – ელექტროსადგური, რომელიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთს ადრე ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ქვეყანას შესაძლოა ახალი მოთხოვნები გაუჩნდეს სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მზარდი რაოდენობის გამო, რასაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება.
„თუმცა, მთლიანობაში, ჩვენი სტრატეგია 100%-იანი ენეროდამოუკიდებლობის მიღწევაა“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბრიფინგის კიდევ ერთი თემა სომხეთის არმიაში არასაბრძოლო მიზეზებით დაღუპულ სამხედროებს შეეხებოდა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო შემთხვევის შემდეგ სამხედრო პოლიციასა და უშუალოდ პასუხისმგებელ უწყებებში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში სომხეთის არმიაში საბრძოლო დანაკარგი არ ყოფილა, „სომხეთის ალიანსის“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა გრიგორიანმა 11 აგვისტოს პარლამენტში განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ შვიდ თვეში უკვე რვა სამხედრო დაიღუპა არასაბრძოლო ვითარებაში. სამხედრო პროკურატურის მონაცემებით, 2025 წელს არასაბრძოლო პირობებში 30 სამხედრო დაიღუპა, 2024 წელს – 27, ხოლო 2023 წელს – 54.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ერევნის უძრავი ქონების ბაზარი იზრდება, რასაც დედაქალაქში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და სომხური დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან ბინების შეძენისადმი გაზრდილი ინტერესი განაპირობებს. მან ეს ტენდენცია „მოდურ განვითარებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ საჭიროა რეფორმები, რომლებიც გარიგებების განხორციელებას გაამარტივებს და ამავდროულად ბაზრის მიმართ ნდობას გაზრდის.
ბოლოს ფაშინიანმა ისაუბრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ალენ სიმონიანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნაზე. სიმონიანმა ამ თანამდებობაზე არმენ გრიგორიანი შეცვალა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკური საკადრო ცვლილებები ნორმალური მოვლენაა. მისი თქმით, გრიგორიანს, რომელიც ამ თანამდებობას რვა წლის განმავლობაში იკავებდა, პრემიერის აპარატში თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა, გარკვეული დროით პოლიტიკიდან დისტანცირდეს და დაისვენოს.
დაძაბული ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან
გარდა ამისა, 13 აგვისტოს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ოქსანა ლუტი ერთმანეთს შეხვდნენ ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის აგროინდუსტრიული პოლიტიკის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში. მინისტრები შეთანხმდნენ სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ნაბიჯია სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებისკენ.
მინისტრებმა განიხილეს აგროინდუსტრიულ კომპლექსში თანამშრომლობის განვითარება, ასევე სომხეთიდან იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანო და რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსელხოზნადზორი) უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა მოიხსნას სომხური პროდუქციის რუსეთში იმპორტსა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტზე არსებული შეზღუდვები.
2026 წლის მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ალკოჰოლური სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი შეზღუდა. ეს ნაბიჯები მოსკოვის მიერ სომხეთზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის ნაწილია, რომელიც ივნისში დაგეგმილ და ჩატარებულ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს წინ უსწრებდა და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა.
ოქსანა ლუტმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთიდან პროდუქციის მიწოდების განახლება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს ქვეყანა შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას. მათ შორის, საჭიროა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების გადამოწმება, პესტიციდების კონტროლი და მიწოდების ჯაჭვის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.