ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

პუბლიკა

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება – მთავრობამ დაამტკიცა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში ცვლილებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ სამხედრო ვალდებულების მქონე პირების გამოძახების შესახებ შეტყობინების ჩაბარების წესს ეხება.

ახალი წესის მიხედვით, თუ წვევამდელთან შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაზე ორი სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირი არ განხორციელდა, სააგენტოს შეუძლია, უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნოს.

უწყება გამოქვეყნებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ პირს ეძლევა 10 კალენდარული დღე, რათა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადდეს.

იგივე წესი ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით გამოძახებაზეც. თუ შეტყობინების ჩაბარება პირადად ან ტექნიკური/საკომუნიკაციო საშუალებით ვერ ხერხდება, უწყება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს ჩაბარებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაშიც პირს გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადა აქვს სააგენტოში გამოსაცხადებლად.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრა, რომ სააგენტო წვევამდელის გამოძახებისას ხელმძღვანელობს მის მიერ საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემებით.

გარდა ამისა, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მას წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს ან მიღებაზე უარს განაცხადებს. უარის შემთხვევაში შესაბამისი აღნიშვნა კეთდება შეტყობინებაზე და ის სააგენტოს უბრუნდება.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, შეტყობინების ან უწყების ჩაბარება შესაძლებელია არა მხოლოდ რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, არამედ სამუშაო ადგილის ან სააგენტოსთვის ცნობილ ნებისმიერ სხვა მისამართზე.

ცვლილებებით ასევე დაზუსტდა, რომ გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებისას გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

ხოლო გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხუთი სამუშაო დღის ვადაში დგება და დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება და ცვლილებები „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში“ შედის.