პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოთაღნიშნული პირები გამოიკითხებიან.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს და მისი თქმით, ყოფილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამს. ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“.

ღარიბაშვილი წერს, რომ ლაზარე ჯორბენაძე ამ სტატიის რესპონდენტი იყო და მოგვიანებით თავი მოიკლა. ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა და წერს, რომ უნდა გაირკვეს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.