„ოცნების“ პროპაგანდისტების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტისთვის თამაზ ელიზბარაშვილს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ცხოველთა უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ედავებოდნენ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას. გუშინ, 3 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მუქარას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელიზბარაშვილს პატიმრობა ემუქრება რესტორან „სხვაში“ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელშიც, ელიზბარაშვილის განცხადებით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
31 აგვისტოს ელიზბარაშვილი ამბობდა, რომ 30 აგვისტოს ერთ–ერთ რესტორანში დაახლოებით რვა პირმა გზა გადაუღობა და მათთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მათ შორის, ელიზბარაშვილის პროუკრაინული პოზიციის გამო. ელიზბარაშვილი ჰყვებოდა, რომ სიტყვიერ დაპირისპირებას მისი ცოლიც შეესწრო. მან მასთან დაპირისპირებულ პირებს უთხრა, რომ ცოლის გარეშე დაბრუნდებოდა და მერე გაეგრძელებინათ კამათი, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი რესტორანში აღარ დახვდნენ.
„ოცნების“ პროპაგანდისტმა შაკო კუჭაშვილმა დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს, რესტორან „სხვაში“ თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მას და მის მეგობრებს მოუვიდათ.
დღეს, 4 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო. უწყება ირწმუნება, რომ „ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა“. პროკურატურის თანახმად, ვიდეოში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილს „ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში“. პროკურატურის განცხადებით, ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა, ამასთან, დაზარალებულების მიმართ მუქარასა და გინებას აგრძელებდა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა
პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. საქმე ეხება გაზეთ „ასავალ–დასავლის“ რესპონდენტის გარდაცვალებას, რომელზეც ღარიბაშვილმა ეჭვები 1 აგვისტოს გავრცელებულ წერილში გამოთქვა.
პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი გამოქვეყნებულ წერილში კითხვას სვამს „ასავალ–დასავალის“ იმ რესპონდენტის „გარდაცვალების რეალურ მიზეზზე“, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ღარიბაშვილს აქებდა, ხოლო ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებდა. მისი თქმით, მას ციხეში შეუგზავნეს აღნიშნული სტატია და ეჭვი მიიტანეს, თითქოს სტატიის უკან ღარიბაშილი იდგა.
ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, გამოკითხვისას ღარიბაშვილმა მისთვის ცნობილი ყველა ფაქტი დაადასტურა.
პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილს დაუპირისპირდნენ. ღარიბაშვილი საპატიმროში სახალხო დამცველმა მოინახულა
ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიტიკით და თავდასხმებით შეხვდნენ საპატიმროდან გავრცელებულ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს, სადაც ექსპრემიერმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე ეჭვები გამოთქვა.
შალვა პაპუაშვლმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ცდილობს სამართლებრივი საკითხები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს. მისი თქმით, არავის უსურვებს, რომ სხვისი ტრაგედია გამოიყენოს „პოლიტიკური ინსინუაციებისთვის“.
კახა კალაძე კი ამბობს, რომ „ადამიანს შეიძლება, ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად“. გია ვოლსკიმ ღარიბაშვილის განცხადებები რევოლუციური დივიდენდების მიღების მცდელობად შეაფასა. ხოლო დიმიტრი სამხარაძემ მას „თვითაღიარებული კრიმინალი“ და „ასავალ–დასავალის დონეზე დაცემული“ უწოდა.
პარალელურად, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ღარიბაშვილი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოინახულა. შეხვედრაზე, პირობებთან ერთად, გაუქმებული ოჯახური პაემნის საკითხიც განიხილეს. იოსელიანის განმარტებით, ადმინისტრაციამ ღარიბაშილის ოჯახთან პაემნის გადადება ინფრასტრუქტურული რემონტით ახსნა და განაცხადა, რომ ექსპრემიერის მიმართ პოლიტიკის ცვლილება არ იგეგმება. იოსელიანის განცხადებით, ღარიბაშვილს უსაფრთხოებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულმა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა რუსეთის მოქალაქემ, დენის კულანინმა საქართველო დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შსს–ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და მას საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა მისცა. კულანინს საქართველოში შემოსვლა 5 წლით აეკრძალა.
კულანინი, რომელიც იყო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ფონდის მოხალისე, საქართველოში 2025 წლის მარტში აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 2026 წლის 27 აგვისტოს შეწყალების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.
უფლებადამცველებისა და ორგანიზაცია Amnesty International კულანინის შესახებ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოუწოდებდნენ საქართველოს, რომ ის რუსეთში არ გაეძევებინათ, რადგან მას პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო პოზიციების გამო სამშობლოში წამება, არასათანადო მოპყრობა და უკანონო პატიმრობა ემუქრებოდა.
უცხოეთი
პუტინისა და ფაშინიანის დაძაბული შეხვედრისას პუტინმა სომხეთისგან ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთებას მოითხოვა
ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის პირველი, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა შედგა სომხეთის ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პუტინს ფაშინიანისთვის გამარჯვება არ მიულოცავს, პირისპირ საუბრისას კი დაჟინებით მოითხოვა სომხეთში რეფერენდუმის ჩატარება, რომლითაც ქვეყანამ არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის უნდა გააკეთოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია შეუთავსებელია ევრაზიულ კავშირში წევრობასთან. პასუხად ფაშინიანმა განაცხადა, რომ: „რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს კონფლიქტის პირობებში სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა კი, როდესაც რეგიონში მშვიდობა დამყარდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ვითარებას ახალი თვალით შევხედოთ“.
მან უარყო რეფერენდუმის საჭიროებაც და განმარტა, რომ 2025 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაწყებად მიღებულმა კანონმა ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა.
პუტინის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ევრაზიული კავშირიდან გასვლის შესახებ განცხადებას ნიშნავს, რადგან მისი აზრით, ორივე გაერთიანების წევრობა „შეუთავსებელია“.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თუ სომხეთი მოითხოვს, რუსეთი მზადაა ქვეყნიდან 102-ე სამხედრო ბაზა დაუყოვნებლივ გაიყვანოს. შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ „რუსეთი გადაწყვეტს სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“. ფაშინიანის თქმით, აღნიშნულ ბაზას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. ამ უთანხმოების მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიას მოსკოვში გააგრძელებენ.
პუტინის თქმით, კიევთან კონტაქტები სპეცსამსახურების ხაზით გრძელდება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების პერსპექტივა ჯერ კიდევ რჩება და მხარეებს შორის კონტაქტები, ძირითადად სპეცსამსახურების ხაზით, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. პუტინმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უპირველესად რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.
ზელენსკი საერთაშორისო ავიაკომპანიებს რუსეთის ცის საფრთხეებზე აფრთხილებს, პუტინი კი მას „ტერორიზმში“ ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ უკრაინული დრონების მასშტაბური გამოყენების გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სახიფათო გახდა. ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციას პირდაპირ არ ემუქრება, თუმცა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო რუსეთის ცა უსაფრთხო აღარ არის. ზელენსკის განცახდებას გასულ დღებში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ რეისების გაუქმება მოჰყვა.
ვლადიმირ პუტინმა ზელენსკის ეს განცხადება „სახელმწიფო ტერორიზმად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ამაზე შესაბამისი პასუხის გაცემის გზებს იპოვის.
ბერლინი მოსკოვს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს
გერმანიის მთავრობის შეფასებით, ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაზე რუსეთია პასუხისმგებელი. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, გერმანია რუსული ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდა, რის გამოც ბერლინმა საპასუხო ზომებს მიმართა, დახურა ბერლინში მოქმედი რუსული კულტურის ცენტრი და ქალაქ ბონში რუსეთის კონსულის ოფისი.
მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი გერმანიის ამ „ანტირუსულ ქმედებებს“ აუცილებლად უპასუხებს.
აგვისტოს დასაწყისში, გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. ასაფექებელი ნივთიერება უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების სიახლოვეს იყო განთავსებული.
გასული დღე–ღამის განმავლობაში რუსულ თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 56 კი დაშავდა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური საჰაერო იერიშები განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა 121 შაჰიდის დრონი გაუშვეს, რომელთაგან საჰაერო თავდაცვამ 103 ჩამოაგდო.
ნგრევა და მსხვერპლი დაფიქსირდა რამდენიმე რეგიონში: დნეპროპეტროვსკის ოლქში იერიშებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, ოდესაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში კი თითო–თითო მოქალაქე. კიევში, რომელიც კვირაზე მეტია უწყვეტი თავდასხმების სამიზნეა, იერიშების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები არიან ასევე დონეცკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 493 790-ზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის დაკარგა1 493 790 სამხედრო. ხოლო გასულ 24 საათში ოკუპანტებმა კიდევ 1 440 ჯარისკაცი და 77 საარტილერიო სისტემა დაკარგეს.
აშშ–ის თავდასხმას ირანში სახლზე, სადაც ქორწილი იმართებოდა 5 ადამიანი ემსხვერპლა
მიმდინარე კვირაში ირანის მიერ საამიროებსა და იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, აშშ–ის ცენტრალურმა სარდლობამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტები, მათ შორის ჯიროფთის აეროპორტი და ბანდარ აბასი დაბომბა.
იერიშებს ირანში მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ირანული მედიის ცნობით, სირიკის რეგიონში ქორწილზე დარტყმისას 5 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, აშშ–ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თქმით, ვაშინგტონმა დაიწყო აღნიშნულის მოკვლევა. ვენსის განცხადებით, აშშ არ გეგმავს ირანთან მოლაპარაკებების გამართვას, სანამ თეირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.