სუსის მეოთხე უფროსი 13 თვეში — კობახიძემ თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა. ის მანამდე სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეოთხე უფროსი ბოლო 13 თვის განმავლობაში.

ირაკლი კობახიძემ თქვა:

„თამაზ ბორაშვილი 20 წელიწადზე მეტია, მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე.

2017 -2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შს სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს.

2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს.

წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“.

გეკა გელაძე, რომელმაც სუსის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, 14 სექტემბერს განაცხადა, კობახიძის თქმით, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

გელაძეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას „პირადი მიზეზები ჰქონდა, რაზე საუბარიც არ ისურვა“.

ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ მალე წარადგენს კულტურის მინისტრს – ეს პოსტი ვაკანტურია 2026 წლის 28 ივლისიდან, როცა თიკა რუხაძე თანამდებობიდან გადადგა.


გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2026 წლის 22 აპრილს დაინიშნა. მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

სუსის უფროსის თანამდებობაზე მან მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს დატოვა თანამდებობა. მდინარაძე სუსის უფროსი იყო 2025 წლის 3 სექტემბრიდან. მდინარაძემდე თანამდებობას ანრი ოხანაშვილი იკავებდა 2025 წლის 4 აპრილიდან.

სუსის უფროსის პოსტიდან წასვლის შემდეგ გელაძის წინამორბედი მამუკა მდინარაძე „სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დანიშნეს, შემდეგ კი ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უნდა გამხდარიყო. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, თანამდებობის შექმნამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.

თუმცა 2026 წლის 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ციხეში ყოფნისას მას მდინარაძემ წერილი მისწერა და მისთვის წარსადგენი ახალი ბრალდების შესახებ აცნობა.

სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. „ქართული ოცნება“ არც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას შექმნის.