ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
ამ დრომდე მას სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
„მერაბ გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამავე დროს, ბარათაშვილი გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.
„მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინა უფროსმა ლევან ხარაბაძემ, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ პოსტები გასულ კვირას დატოვეს.