საპროცესო შეთანხმებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი ციხის სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ საქმეზე, რომელზეც 10 წელი ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

შეთანხმება გაფორმდა სხვა მსჯავრდებულებთანაც: ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან გიორგი ხაინდრავასთან და ბურჭულაძის ცოლისძმასთან, ვასილ მხეიძესთან. მათ 8-8 წელი ჰქონდათ მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 2 წელი პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარი ჯარიმა.

მხეიძესა და ხაინდრავას კი – 100 000-ლარიანი ჯარიმა 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად.

პროკურორის განმარტებით, საპროცესოს პირობა იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა.

„აღიარებაც თუ არსებობს, ბრალდების და დაცვის მხარე, შესაძლოა, შეთანხმდეს სასჯელზე და მათ შორის თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში პირობები დაკმაყოფილებული იყო და მხარეები შევთანხმდით როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა განისაზღვრა საპროცესოს ერთ-ერთ პირობად“, – განაცხადა პროკურორმა TV პირველთან.

ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას სასჯელის ერთი წელი უკვე მოხდილი აქვს და სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2 წელიწადში დატოვებს.

ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს. ისინი ციხეს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში, 26 სექტემბერს დატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინათ 8 სექტემბერს. ეს ის საქმეა, რომელზეც ბრალი წარდგენილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილსაც.

ამ საქმეზე პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს იმავე პირობებით, რა პირობებითაც შეთანხმება გაფორმდა სააპელაციოში.

პროკურატურის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ითანამშრომლეს.


ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, სუსში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად.

ამავე საქმეზე ივლისში დააკავეს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე.

პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა.

ვლადიმერ ღუდუშაურმა საპროცესო შეთანხმება პირველ ინსტანციაში გააფორმა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ბურჭულაძე და სხვა ბრალდებულები კი საქმის განხილვის დროს ბრალს არ აღიარებდნენ.