კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია უზენაესის მოსამართლედ დავით მამისეიშვილის არჩევას

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილის არჩევას.

კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებმა დავით მამისეიშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობს აშშ-ს მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე, შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილებებზე, არის თუ არა სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი, რა არის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რას ფიქრობს მზია ამაღლობელის საქმეზე და სხვა.

ამ შეკითხვებს შორის დავით მამისეიშვილმა მხოლოდ ორს უპასუხა, სხვა კითხვებისთვის მას ფრაქციისთვის გამოყოფილი დრო აღარ ეყო.

მამისეიშვილის თქმით, მოსამართლეების სანქცირების მიზანი სასამართლოს დისკრედიტაცია იყო, რადგან არც აშშ-ს და არც ბრიტანეთს „არ აწყობს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო“.

მისივე მტკიცებით, „დღეს ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს“.

„მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბრიტანელების და ამერიკელების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ერთმნიშვნელოვნად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელდა, ვინაიდან არც ერთსა და არც მეორეს არ აწყობს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო…

დღეს ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. მოსამართლეებს საქართველოში შესაბამისი გარანტიები გააჩნიათ. დღეს შეუძლებელია, რომ ერთ მოსამართლეს მოჰკიდო ხელი და ბოლნისის სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანო. დღეს შეუძლებელია მოსამართლე რაიმე ნიშნით სასამართლოდან ვინმემ გაათავისუფლოს.

ჩვენ ვართ მოსამართლეები და პასუხს ვაგებთ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. არც ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არც შეიძლება კოლექტიურ პასუხისმგებლობად იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან ყველა თვითონ ნახულობს მტკიცებულებას და თვითონ იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას პირი დამნაშავეა თუ უდანაშაულო.

სასამართლოში შეცდომები არსებობს. სწორედ ამიტომ არის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოები. სამი ინსტანციის სასამართლო ქვეყანაში სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თუკი პირველი ინსტანციის მოსამართლემ შეცდომა დაუშვა, აღნიშნული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოსწორდეს. თუკი შეცდომა აპელაციაში დავუშვებთ, უზენაესმა სასამართლომ მოახდინოს მისი გამოსწორება. სხვაგვარად სამართლებრივი სახელმწიფო არ გვექნება“, – განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

მოსამართლეს მიაჩნია, რომ შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები პროპორციულია. მისი თქმით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ნორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

„ამ კატეგორიის საქმეებზე მე პირადად, მართალია, საქმე განხილული არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან ვიცით, რომ საქართველოში არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციოს.

მიმაჩნია, რომ [სანქციები] პროპორციულია. თავისუფლების აღკვეთა დაუყოვნებლივ არ ხდება. თავისუფლების აღკვეთა ხდება იმ შემთხვევაში…

პარლამენტმა განსაზღვრა კონკრეტული მოქმედება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიაჩნია, შემდეგ მიაჩნია სისხლის სამართლის დანაშაულად. თუკი კონკრეტულ პირს მიაჩნია, რომ ეს ქმედება, რომელიც პარლამენტმა სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად შემოიტანა, კონსტიტუციური არ არის, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს ან არჩევნები მოიგოს 4 წლის შემდეგ, უმრავლესობით მოვიდეს და „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში“ ცვლილება შეიტანოს.

მე, როგორც მოსამართლეს, მიმაჩნია, რომ როდესაც პირი ერთხელ გაფრთხილებული იყო, რომ კონკრეტული მოქმედება დარღვევაა და ამ მოქმედების მეორედ ან მესამედ განმეორების გამო შესაძლოა, დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას… “, – განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

დავით მამისეიშვილს უზენაეს სასამართლოში განსაწესებლად კენჭს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან.

უზენაეს სასამართლოში 2027 წლის 30 აპრილიდან ერთი ადგილი თავისუფლდება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, მაია ვაჩაძეს 2027 წლის 29 აპრილს საპენსიო ასაკი უსრულდება.

დავით მამისეიშვილს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა აჭარაში, 2013-16 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, 2021 წლიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე, 2025 წლის ნოემბრიდან კი არის ამავე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

დავით მამისეიშვილის სახელი სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების საქმეში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილის საქმეში,  ნიკა გვარამიას საქმეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მამისეიშვილი განიხილავდა სააკაშვილის „საზღვარზე შემოპარვის საქმეს“.