ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანის სასამართლომ საზოგადოებრივი გაერთიანება „გაზახის რეგიონული განვითარების რესურსების“ ხელმძღვანელს, ისტორიკოს მეჰარამ გოიუშოღლუს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 4 წელი პირობითი სასჯელია.
გოიუშოღლუ დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გაყალბების საქმეში. ის მორიგი ადამიანია, რომელსაც ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების საქმითვის“ მიესაჯა – საქმე 2024 წლის მარტში დაიწყო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ არაერთ საქმესა და ბრალდებას მოიცავს.
დამოუკიდებელი მედია Abzas Media-ის ცნობით, განაჩენი 4 სექტემბერს განჯის მძიმე დანაშაულთა სასამართლოში მოსამართლე ელშან ვალიევმა გამოაცხადა.
სასამართლომ გოიუშოღლუს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე სამი წლით აუკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებში გარკვეული საქმიანობის განხორციელება.
სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად გაითვალისწინა გოიუშოღლუს სამი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ასევე მისი მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
სასამართლო პროცესზე გოიუშოღლუმ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ნაწილობრივ აღიარა. სასამართლოს განცხადებით, მისი ეს განცხადება პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად, ხოლო წარდგენილი ბრალდებები სხვა მტკიცებულებებითაც იყო გამყარებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის“ ფარგლებში ამ დრომდე დაახლოებით სამოქალაქო საზოგადოების 15 წარმომადგენლის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.
9 სექტემბერს, იმავე საქმის ფარგლებში, სასამართლომ ეკონომისტსა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე გალიბ ბაირამოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის სასჯელს სამი წლით პირობითი მსჯავრი შეეხო.
ბაირამოვს ბრალი, მათ შორის, ფულის გათეთრებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გაყალბებაში ედებოდა. ის ბრალდებებს უარყოფს.
ბაირამოვი კიდევ ერთი ცნობილი ეკონომისტის, გუბად იბადოღლუს ძმაა. იბადოღლუ 2023 წლის ივლისში დააკავეს და ამ დრომდე შინაპატიმრობაში იმყოფება.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.