ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანის „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ყოფილ ხელმძღვანელ ანარ მამედლის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2 წელზე მეტი ხნის წინ, 2024 წლის აპრილში დააკავეს. საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ანარ აბდულაევს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მამედლისა და აბდულაევის განაჩენი 7 სექტემბერს მოსამართლე აიგუნ გურბანოვამ გამოიტანა.
მამედლი დამოუკიდებელი მედია Abzas Media-ს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ბრალდებებს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული რამდენიმე მუხლიც დაემატა, მათ შორის ვალუტის კონტრაბანდა, უკანონო მეწარმეობა, გადასახადებისთვის თავის არიდება, დოკუმენტების გაყალბება და ფულის გათეთრება.
მამედლი 2024 წლის აპრილში დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. ის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის დირექტორი მარია დალე განაჩენს გამოეხმაურა და მას „ღრმა მწუხარებისა და სირცხვილის დღე“ უწოდა. დალემ მამედლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
„ეჭვგარეშეა, თუ რას წარმოადგენს ეს განაჩენი: ეს არის სასჯელი მამადლის დამოუკიდებელი და ლეგიტიმური საქმიანობისთვის, რომელსაც ის საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, არჩევნებზე დაკვირვებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით ეწეოდა. მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები სრულიად პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო მისი სასჯელი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შურისძიების აშკარა აქტია“, – განაცხადა მან.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის, მარი სტრუთერსის განცხადებით, ეს განაჩენი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ „მკაცრად ისჯებიან ჟურნალისტები და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსები, რომლებიც მთავრობის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ამხელენ და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ინტერესებს უპირისპირდებიან“.
მისი თქმით, 2009 წლიდან ხელისუფლებამ „კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ შეზღუდვები თანდათან გაამკაცრა“.
„გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მზარდი შეზღუდვების ფონზე, ბევრმა ორგანიზაციამ ლეგიტიმური საქმიანობის გასაგრძელებლად სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავა. თუმცა ხელისუფლება ცდილობდა ამ ძალისხმევის კრიმინალიზაციას მძიმე საგადასახადო, სავალუტო და სხვა მარეგულირებელი მოთხოვნების დაწესებით, რომლებიც მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად“.
2026 წლის მაისში მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს 328 „პოლიტიკური პატიმარი ჰყავს“.
2025 წლის ივნისში აზერბაიჯანმა Abzas Media-ს დაკავებულ თანამშრომლებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა – სასჯელი შვიდნახევრიდან წლიდან ცხრა წლამდე მერყეობს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.