ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაიამ ციხე დატოვა

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტმა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

2026 წლის 8 მაისს გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 წელი, საიდანაც  ციხეში 1 წელი გაატარა, 3 წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

ხასაია და კიდევ ერთი პირი, ვასილ ქერდიყოშვილი 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებოდა.

ამავე პირობებით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ვასილ ქერდიყოშვილსაც.

საქმეში ოთხი ადამიანი ფიგურირებდა – დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი, მსჯავრდებულები – გელა ხასია და ვასილ ქერდიყოშვილი და მისი თანმხლები პირი.

ბრალდების მხარის პოზიციით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსჯავრდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს.

სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს დაზარალებულმა რამაზ ჩადუნელმა აღნიშნა, რომ ორმა პიროვნებამ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე. მანამდე კი მათთან ერთად ლუდს სვამდა.

„კამათი მომივიდა ბიჭებთან” – თქვა მან პროკურორის შეკითხვაზე, თუმცა კონფლიქტის მიზეზი/საფუძველი არ აღუნიშნავს.

პროკურორის შეკითხვაზე, ამოიცნობდა თუ არა დარბაზში მყოფთაგან ამ პირებს, დაზარალებული ჯერ პროცესზე დამსწრეთა მხარეს შებრუნდა და მათ ათვალიერებდა. განმეორებით შეკითხვაზე კი მიანიშნა ქერდიყოშვილზე.

რაც შეეხება გელა ხასაიას, დაზარალებულმა მასზე ვერ მიუთითა. აღნიშნა, რომ დაბალი პიროვნება იყო და ეცვა შორტი.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განმარტა, რომ „ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება.“

„ამ საპროცესო შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა იმას, რომ მიუხედავად ჩვენი თანხმობა-არათანხმობისა, ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღმდეგ, მოაწერდნენ ხელს საპროცესო შეთანხმებას და ამით გელას ელოდებოდა გარანტირებული 5 წელი ციხეში.

გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა არა თავისუფლებასა და ბრძოლასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შორის, არამედ ციხეში 5 წლის გატარებასა და მეორეს მხრივ 4 თვის გატარებას შორის. აქ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არითმეტიკული სისწორის გათვალისწინებით“, – განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.