სამოქალაქო აქტივისტსა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ხასაიას ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 წელი, საიდანაც ის ციხეში 1 წელს გაატარებს და საპატიმროს სექტემბერში დატოვებს, 3 წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
იმავე პირობებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე მეორე ბრალდებულს – ვასილ ქერდიყოშვილსაც. ორივე მათგანმა პროცესზე ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა.
– პროკურორი: ბატონო გელა, ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან – ანუ ადასტურებთ თუ არა თქვენ მიერ წარდგენილ ქმედებას?
– გელა ხასაია: ვადასტურებ.
– პროკურორი: ანუ აღიარებთ?
– გელა ხასაია: ვადასტურებ.
„ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება.
პირველი – ამ სისხლის სამართლის საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო სხვა პირი. ეს პირი გამოძიებაში გამოცხადების მომენტიდან ითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც გულისხმობდა ბრალის აღიარებას და მათ შორის გელაზე მითითებას და გელას დასახელებას.
გარდა ამ პირისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ გამოკითხული იყო ადამიანი, ამავე ბრალდებულის ოჯახის წევრი. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ის ადამიანი რაიმე განსხვავებულ ჩვენებას მისცემდა და მისი ოჯახის წევრის ინტერესებს დააზიანებდა, არ არსებობდა.
მეორე – არავის ეს საპროცესო შეთანხმება არც გელა ხასაიასთვის და არც ჩვენთვის არ უჩუქნია. თქვენ ყველამ მოისმინეთ წინა სასამართლო სხდომაზე გამოკითხული დაზარალებული, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავანადგურეთ სასამართლოს სხდომის დარბაზში, ისევე როგორც გავანადგურეთ მის მიერ მიცემული ჩვენება ყველა სიტყვით და ვამხილეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები ამ სისხლის სამართლის საქმეში — ვგულისხმობ საგამოძიებო უწყების მხრიდან.
ეს იყო უკან დახევა პროკურატურის მხრიდან, ეს იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ დაეფარათ სწორედ რომ გამოძიების ნაკლოვანებები და მათ შორის დაზარალებულის სისუსტე.
ამ საპროცესო შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა იმას, რომ მიუხედავად ჩვენი თანხმობა-არათანხმობისა, ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღმდეგ, მოაწერდნენ ხელს საპროცესო შეთანხმებას და ამით გელას ელოდებოდა გარანტირებული 5 წელი ციხეში.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავ და ვიმეორებ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა არა თავისუფლებასა და ბრძოლასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შორის, არამედ ციხეში 5 წლის გატარებასა და მეორეს მხრივ 4 თვის გატარებას შორის. აქ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არითმეტიკული სისწორის გათვალისწინებით“, – განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ პროცესის შემდეგ.
ბრალდების მხარის პოზიციით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს.
საქმეში ფიგურირებს ჯამში 4 ადამიანი – დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი, ბრალდებულები – გელა ხასია და ვასილ ქერდიყოშვილი და მისი თანმხლები პირი – ჯაჯანიძე.
4 მაისის პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი დაიკითხა.
ჩადუნელმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ ორმა პიროვნებამ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე. მანამდე კი მათთან ერთად ლუდს სვამდა.
„კამათი მომივიდა ბიჭებთან” – თქვა მან პროკურორის შეკითხვაზე, თუმცა კონფლიქტის მიზეზი/საფუძველი არ აღუნიშნავს.
პროკურორის შეკითხვაზე, ამოიცნობდა თუ არა დარბაზში მყოფთაგან ამ პირებს, დაზარალებული ჯერ პროცესზე დამსწრეთა მხარეს შებრუნდა და მათ ათვალიერებდა. განმეორებით შეკითხვაზე კი მიანიშნა ქერდიყოშვილზე.
რაც შეეხება გელა ხასაიას, დაზარალებულმა მასზე ვერ მიუთითა. აღნიშნა, რომ დაბალი პიროვნება იყო და ეცვა შორტი. ამის შემდეგ მას პროკურორმა ე.წ. ამოცნობის ოქმები წარუდგინა.
მოსამართლის შეკითხვაზე მან თქვა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ ბრალდებულებს კანონით გათვალისწინებული შეღავათები შეეხებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.