საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდის შესახებ ანგარიში წარუდგინა

პუბლიკა

საიამ გაეროს წამების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში ორგანიზაცია საქართველოში პატიმართა მაღალი რაოდენობისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ მსჯელობს.

ანგარიში მიმოიხილავს პატიმართა რაოდენობის ზრდას, ციხეებში გადატვირთულობას, პირობით ვადამდე გათავისუფლების შემცირებასა და გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობას. ასევე, ყურადღება გამახვილებულია წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებაზე, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებასა და დასჯაზე ორიენტირებულ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაზე. დოკუმენტი ხაზს უსვამს პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებას და შესაბამის რეკომენდაციებსაც წარმოადგენს.

საიას ინფორმაციით, რომელიც ევროპის საბჭოსა და საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ევროპაში – 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარი მოდის. 2025 წლის ბოლოს საქართველოში 11 153 პატიმარი/თავისუფლებააღკვეთილი პირი იყო. ორგანიზაციის თქმით, 2024 წლიდან პატიმართა საერთო რაოდენობა გაიზარდა. 14 პენიტენციური დაწესებულებიდან 4-ში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობის ბოლო პერიოდის ზრდის პარალელურად, ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მდგომარეობა სწრაფად უარესდება. 

„2024 წლიდან ხელისუფლების მიერ გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვასა და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიზაცია ახლავს თან. საიას სისიხლის სამართლის სქმეებზე მონიტორიგბის ფარგლებში 2024 წლიდან იდენტიფიცირებული აქვს 150-ზე მეტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, რომლებიც შეიცავს პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკს. მათგან სულ მცირე 69 პირის საქმეზე საიას გაკეთებული აქვს შეფასება, რომლის თანახმად: სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვება ავლენს, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, რაც მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ, არის არა იზოლირებული უფლებადარღვევა, არამედ შეიცავს პოლიტიკური მოტივის / ფარული განზრახვის ელემენტს” – წერია დოკუმენტში.

ორგანიზაცია რეკომენდაციის ნაწილში ყურადღებას ამახვილებს სწორედ ცალკეულ დაწესებულებებში პატიმართა გადატვირთულობაზე. საიას შეფასებით, პენიტენციური სისტემის ტევადობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ლოკალური გადატვირთულობა და შემუშავდეს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.

„კანონმდებლობისა და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრებამ შესაძლოა დანაშაულის პრევენციის მიზნების რეალური შესრულების ნაცვლად ციხის მოსახლეობის ზრდა გამოიწვიოს. 2025 წელს ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, არასაკმარისია პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისების ფოზნე, შესაძლოა ამის ერთ-ერთი მაგალითი იყოს” – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე და ინდივიდუალურ კრიტერიუმებს.

საია აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამკაცრების ან თავისუფლების აღკვეთის გამოყენების გაფართოების შესახებ კანონმდებლობის მიღებამდე უნდა ჩატარდეს ციხის პოპულაციაზე გავლენის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის რეკომენდაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ გამონაკლისის სახით. სასამართლოებმა გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად უნდა დაასაბუთონ და აჩვენონ, რატომ არის ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები არასაკმარისი. ასევე, გირაოს ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირის ფინანსური მდგომარეობა.

როგორც საია უთითებს, დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და სხვა მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს და მისთვის ინფორმაციას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან იღებს.