ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად პარლამენტის დეპუტატი მაია ბითაძე დანიშნა.
ბითაძემ პოსტზე თინათინ რუხაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ 28 ივლისს განაცხადა. გადაწყვეტილება მან ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირა.
განათლებით სამართლის სპეციალისტი მაია ბითაძე 2020 წლიდან ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2024 წლის მოწვევის პარლამენტში ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
მანამდე მაია ბითაძე 2017 წლიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო. 2014-17 წლებში ის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
ბიოგრაფიის მიხედვით, წლების განმავლობაში ბითაძის საქმიანობა გარემოს დაცვას უკავშირდება. 2012 წლიდან დღემდე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. კულტურა, ეს არა მხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ ჩვენი ენის თვითმყოფადობით ნაწილი და ის ენაა, რომლითაც უნდა ვესაუბრო მთელ მსოფლიოს. მესმის, რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა და ღირსეულად გავართმევ თავს ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ბითაძემ მინისტრად წარდგენის შემდეგ.
ბითაძეს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.