ავტორი: ელიზაბეტ მაკბრაიდი
რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთში, შესაძლოა რუსულ ჯარში გაწევის მიზნით აღრიცხვაზე აიყვანონ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის განცხადებით, მოსკოვთან გამართული შეხვედრების დროს რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების სამხედრო აღრიცხვის საკითხი განიხილეს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ თქვა, რომ ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი დავალებით მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები არა რუსეთის, არამედ აფხაზეთის სამხედრო სამსახურში აღრიცხონ. მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ეს განცხადებები ემთხვევა რუსეთის დამოუკიდებელი მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც, მოსკოვი მობილიზაციის ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადება. 23 სექტემბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები უცხოურ საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოპოვებასა და აქტივების საზღვარგარეთ გადატანას ცდილობენ. გამოცემის ცნობით, მსგავს ნაბიჯებს სამხედრო გაწვევის უწყებების თანამშრომლებიც მიმართავენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, გამოცემამ ასევე მოიპოვა მტკიცებულებები, რომ გაწვევის უწყებების თანამშრომლები ნათესავებსა და მეგობრებს რუსეთის დატოვებას ურჩევენ. მოსკოვი ამ ინფორმაციას მუდმივად უარყოფს.
2025 წელს ძალაში შესული შეთანხმების თანახმად, ორმაგი: რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა სავალდებულო სამხედრო სამსახური იმ ტერიტორიაზე უნდა გაიარონ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. ამის საფუძველზე რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში გაიწვიონ. სამხედრო სამსახური არ შეეხებათ მათ, ვისაც ოკუპირებულ აფხაზეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური უკვე გავლილი აქვს.
2025 წლის 27 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეთანხმება პუტინმა საბოლოოდ 2026 წლის 5 აგვისტოს დაამტკიცა.
მანამდე, რუსული კანონმდებლობით, ყველა, ვისაც რუსული პასპორტი ჰქონდა (მიუხედავად იმისა, ფლობდა თუ არა აფხაზურ პასპორტს), ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქედ ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსული უნივერსიტეტების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო აღრიცხვაზე დგებოდნენ.
„ამ შემოდგომაზე ჩემმა შვილმა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს, შოკისმომგვრელი ამბავი მითხრა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის უწყებიდან გამოძახება მიიღო“, – უთხრა სოხუმის მცხოვრებმა OC Media-ს 2025 წლის შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
„პანიკაში ჩავვარდი, ვიფიქრე, რომ შესაძლოა ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ [ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში შეჭრას] გაეგზავნათ. შემდეგ, რა თქმა უნდა, დავმშვიდდი – ის ჯერ კიდევ სტუდენტია, მაგრამ რა იქნება სწავლის დამთავრების შემდეგ? ის აღრიცხვაზეა, შეიძლება რუსეთის არმიაში წაიყვანონ და იქიდან ომში გაგზავნონ. ახლა კი მას არჩევანის უფლება აქვს. და ეს ყველა აფხაზი დედისთვის დიდი სიხარულია“, – განაგრძობს ქალი.
აფხაზეთის პასპორტებს მხოლოდ ოთხი ქვეყანა: რუსეთი, ნიკარაგუა, სირია და ვენესუელა აღიარებს. შესაბამისად, რუსეთის პასპორტის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობა, სწავლა ან მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუმცა, რუსეთის მიერ რეგიონისთვის მოქალაქეობისა და პასპორტების გაცემის პოლიტიკას ადრეც მოჰყოლია დაპირისპირება. მათ შორის, 2026 წლის დასაწყისში აფხაზეთში დაიწყეს შიდა რუსული პასპორტების გაცემა, რომლებიც რუსეთში მუშაობისა და სხვადასხვა სერვისით სარგებლობისთვის არის განკუთვნილი.
მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პასპორტების გაცემა აფხაზეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ერთი თვის შემდეგ დოკუმენტების გაცემა შეაჩერა და პროცესი სოჭში გადაიტანა, ამ ინციდენტის შემდეგ კვარჩიას მიმართ ყურადღება გაიზარდა.
ივნისში რუსეთის სასამართლომ კვარჩიას დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მას ბრალად ყაჩაღობა დასდეს. საქმე ეხება 2025 წლის აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ადგილობრივი არჩევნების დროს რუსეთის პოლიტიკური კონსულტანტებზე კვარჩიას მონაწილეობით განხორციელებულ სავარაუდო თავდასხმას.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.