ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
რუსეთის სასამართლომ აფხაზ ოპოზიციონერ დეპუტატ კან კვარჩიას დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. კვარჩიას ბრალად ყაჩაღობა ედება. საქმე ეხება მის დაპირისპირებას რუს პოლიტიკურ კონსულტანტებთან აფხაზეთის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს.
სოჭის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ აფხაზური ოპოზიციური მოძრაობა „აიდგილარას“ ერთ-ერთ ლიდერს, კან კვარჩიას განაჩენი 4 ივნისს გამოუტანა. კვარჩია სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან ის რუსეთის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ იმყოფება. კვარჩია ძებნილთა სიაშია.
კან კვარჩიას დაპირისპირება მოუვიდა სამ რუს პოლიტტექნოლოგთან სოხუმში, 2025 წლის ნოემბრის ადგილობრივი არჩევნების დროს.
რუსი გამომძიებლების მტკიცებით, კვარჩია და მისი თანამზრახველების ჯგუფი გაზეთ „აფხაზსკი ვესტნიკის“ ოფისში თავს დაესხნენ სამ კონსულტანტს: ივან რევას, პაველ ტიმოფეევსა და დმიტრი ბუდიკინს.
სასამართლოს ვერსიით, კვარჩიას და მის თანამზრახველებს მიაჩნდათ, რომ რუსები ფარულად მართავდნენ ონლაინ რესურსებს, რომლებიც აფხაზურ ოპოზიციას აკრიტიკებდნენ.
თავდამსხმელებმა ფიზიკური ძალისა და იარაღის გამოყენებით სავარაუდოდ, გაძარცვეს რუსეთის მოქალაქეები. გამომძიებლების თქმით, მათ წაართვეს ნაღდი ფული და ძვირფასი პირადი ნივთები, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 მილიონ რუბლზე მეტი ($27,000) შეადგინა.
ინციდენტის შემდეგ რუსი პოლიტტექნოლოგები აფხაზეთიდან გააძევეს.
2025 წლის ნოემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვარჩია და მისი თანამზრახველები: ეშსოუ კაკალია და ხინა დუმავა ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანა. რუსმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა ამ პირების კავშირს პოლიტტექნოლოგებზე თავდასხმასთან. მოგვიანებით სოჭის პროკურატურამ საქმე სასამართლოს გადასცა.
პარალელური გამოძიება მიმდინარეობდა აფხაზეთშიც. მარტში აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ დაასკვნა, რომ კვარჩიას ქმედებები შეიცავდა „აფხაზსკი ვესტნიკის“ ოფისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ელემენტებს.
ამის შემდეგ, აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს კვარჩიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სთხოვა. თუმცა, დეპუტატებმა უარი თქვეს კვარჩიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ნებართვის გაცემაზე.
სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაგრძელდა სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთში. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ უფლება, გამოეძიებინათ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა ის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმე არ იყო აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და მიზნად ისახავდა რუსეთის მოქალაქეების დაცვას.
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ელინა სიდორენკომ, ისევე როგორც ადვოკატებმა დმიტრი აგრანოვსკიმ, ვადიმ კობლევმა და ალექსანდრ გლუშენკოვმა განაცხადეს, რომ კვარჩიას წინააღმდეგ რუსეთში მიმდინარე პროცესი სრულად შეესაბამება ექსტრატერიტორიული სისხლის სამართლის იურისდიქციის პრინციპს და მიმართულია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.
კვარჩიამ და მისმა მხარდამჭერებმა არაერთხელ უარყვეს ბრალდებები. აფხაზეთში ამ საქმემ დიდი პოლიტიკური ყურადღება მიიპყრო, რადგან კვარჩია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოპოზიციონერი ფიგურაა.
განაჩენის გამოტანის შემდეგ აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულია და აფხაზეთში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი ნაჩქარევი განაჩენი არის აფხაზეთის მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა. სამწუხაროდ, დღეს თამაშის წესები ასეთია“, – თქვა კობახიამ.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, პატიმრობის გარდა, კვარჩიამ დაზარალებულებს მატერიალური ზიანიც უნდა აუნაზღაუროს. სასამართლომ დააკმაყოფილა სამოქალაქო სარჩელები დაახლოებით 1.78 მილიონი რუბლის ($24,000) ოდენობით. განაჩენი კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა და შესაძლებელია მისი გასაჩივრება.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.