ალიევის ცოლი შვილთან ერთად სავარაუდოდ სახელმწიფო თვითმფრინავით გაემგზავრა იბიცაზე 

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

იბიცის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედი მეჰრიბან ალიევამ ქალიშვილთან და 30 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად კუნძულზე ერთი კვირა გაატარა. გამოცემის ცნობით, ალიევა იბიცაზე აზერბაიჯანის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩავიდა, რაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევაა.

მედია La Voz de Ibiza 16 სექტემბერს წერდა, რომ ჯგუფი აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული AIRBUS A340-ით ჩავიდა. მათი ინფორმაციით, სტუმრები იბიცაზე ერთი კვირის განმავლობაში დარჩნენ, შემდეგ კი ბაქოში დაბრუნდნენ.

La Voz de Ibiza-ს ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ალიევას მიერ კუნძულზე ჩასასვლელად სახელმწიფო თვითმფრინავის სავარაუდო გამოყენებამ. გამოცემის ცნობით, მის თანმხლებ ჯგუფში დაცვისა და მრჩეველთა პერსონალი შედიოდა. არც აზერბაიჯანის ხელისუფლებას და არც ესპანურ გამოცემას ამ ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ანგარიშმა გააჩინა კითხვები სამთავრობო თვითმფრინავის იმ მიზნით გამოყენებაზე, რაც ესპანურმა გამოცემამ შეაფასა, როგორც კერძო შვებულება; ასევე იმაზე, თუ ვინ დაფარა თვითმფრინავთან, უსაფრთხოებასა და თანმხლებ პერსონალთან დაკავშირებული ხარჯები.

La Voz de Ibiza-ს თანახმად, ვიზიტისას ალიევა Sabina Estates-ის საცხოვრებელ კომპლექსში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, მას თან ახლდა ერთ-ერთი ქალიშვილი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ლეილა ალიევა იყო თუ არზუ ალიევა.

გამოცემა ასევე წერს, რომ ჯგუფმა მოინახულა ისეთი ადგილები, როგორებიცაა Cala Bassa და Casa Maca. სტატიის თანახმად, ალიევას ქალიშვილი მეგობრებთან ერთად ღამის გასართობ ადგილებსაც სტუმრობდა, თუმცა მასალაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა წყაროებს ეფუძნება ეს ინფორმაცია.

აზერბაიჯანის ანტიკორუფციული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი იბიცაზე ჩავიდა Airbus A340-642ACJ ტიპის თვითმფრინავით, რეგისტრაციის ნომრით 4K-AI08. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ალიევას კუნძულზე ყოფნის განმავლობაში აეროპორტში დარჩა და 15 სექტემბერს, 08:15 საათზე, ბაქოს მიმართულებით გაფრინდა.

თვითმფრინავი VIP-კლასზეა მორგებული და მას ადრეც იყენებდნენ აზერბაიჯანის ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტებისთვის. თუმცა, ფრენების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია თავისთავად არ ადასტურებს, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე იბიცას რეისის დროს. ადგილობრივი საავიაციო გამოცემა მიუთითებს, რომ მგზავრების ვინაობა და ფრენის მიზანი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

აზერბაიჯანის მთავრობას იბიცაზე ალიევას ვიზიტი ოფიციალურ ვიზიტად საჯაროდ არ წარმოუდგენია. ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია იბიცაზე ალიევას მონაწილეობით რაიმე ოფიციალური შეხვედრისა თუ ღონისძიების შესახებ.

17 სექტემბერს, თვითმფრინავის ბაქოში დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის შამახის რაიონში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე ერთად გამოჩნდნენ.

აზერბაიჯანის კანონმდებლობა საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევის შესახებ სახელმწიფო მოხელეებს უკრძალავს მათ განკარგულებაში არსებული სახელმწიფო ქონების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების პირადი ინტერესებისთვის ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული მიზნებისგან განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას.

აზერბაიჯანის ანტიკორუფციული კანონმდებლობა ასევე ზღუდავს საჯარო თანამდებობის პირების მიერ მათი სტატუსიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე შესაძლებლობების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.