აზერბაიჯანის ხელისუფლება დუმს ალიევის ოჯახთან დაკავშირებულ კურორტზე 4 წლის ბავშვის დაღუპვის შემდეგ

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

ბაქოსთან ახლოს, Sea Breeze-ის აკვაპარკში ოთხი წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ფეხი გაეჭედა წყლის ტუმბოს მექანიზმში. ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. აკვაპარკი ეკუთვნის ემინ აღალაროვს – აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ყოფილ სიძეს.

4 წლის ბიჭი აკიფ აბდულაევი 14 აგვისტოს გარდაიცვალა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ზულფია გულიევამ გაავრცელა – მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ხელითა და ვედროებით საბავშვო აუზიდან წყლის გადაღვრას. გულიევამ ვიდეო რამდენიმე საათის შემდეგ წაშალა „გასაგები მიზეზების გამო, რადგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა“.

„არსებულ ვითარებაში შემთხვევის ადგილის ხსენებაც კი ჟურნალისტისგან სიმამაცეს მოითხოვს. თუ ცოტა გონება მაინც გიჭრით, ყურადღება გაამახვილეთ მასზე, ვინც სიტყვის თავისუფლებას ახშობს“, – თქვა გულიევამ და დასძინა, რომ მან „ინციდენტი გააშუქა და საზოგადოება ჩააყენა საქმის კურსში“.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო სოციალური ქსელებიდან წაიშალა, სიახლეს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა; სამთავრობო მედიამ ინციდენტი გააშუქა, თუმცა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შემთხვევა მოხდა ნარდარანში, სადაც Sea Breeze მდებარეობს, თუმცა აკვაპარკის სახელი არ უხსენებია.

მოგვიანებით, აღალაროვმა Instagram-ზე რუსულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან და მისმა გუნდმა ბავშვის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს.

„Sea Breeze-ის აკვაპარკში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. არ არსებობს სიტყვები, რომლებსაც ასეთ დროს მშობლებისა და ახლობლების ტკივილის შემსუბუქება შეუძლია“, — განაცხადა აღალაროვმა.

მან დასძინა, რომ ინციდენტის „სრული გარემოებების დადგენის მიზნით ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება“ და აღნიშნა, რომ გამოძიება ცდილობს გაარკვიოს, „როგორ მოხვდა ბავშვი აუზის ტექნიკურ ზონაში, სადაც წყლის ტუმბოები დამცავი ბარიერების მიღმა მუშაობს“.

თუმცა, ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პერსონალის წევრები ბავშვის გადარჩენას უშუალოდ აუზში ცდილობენ და არა იმ სექციაში, სადაც ტუმბოებია განთავსებული.

ალიევის ყოფლმა სიძე ემინ აღალაროვმა აღნიშნა, რომ ისინი „სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან“ და რომ „ბავშვებისა და ზრდასრულების უსაფრთხოება Sea Breeze-ისთვის ყოველთვის იყო და რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად და ვალდებულებად“.

„კურორტის ყველა ზონა და ობიექტი რეგულარულ შემოწმებას გადის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და შესაბამისი ორგანოების მიერ. აკვაპარკი უკვე მესამე სეზონია, ფუნქციონირებს და დღემდე 350,000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა“, – თქვა აღალაროვმა. 

მისივე თქმით, ის „პირადად აღმოუჩენს ოჯახს ყველა საჭირო მხარდაჭერასა და დახმარებას“.

გენერალურ პროკურატურას ინციდენტზე გამოძიება არ დაუწყია – საქმე არ შესულა იმ სისხლის სამართლის საქმეებს შორის, რომლებსაც უწყება აგვისტოს შუა რიცხვებში იძიებს.

OC Media-მ კომენტარისთვის მიმართა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას, თუმცა სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხი არ მიუღია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.