მოსამართლემ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა თანამდებობის პირების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული მუხლი

პუბლიკა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 1500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კონსტიტუციურ წარდგინებაში მოსამართლე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა, შესაძლოა, არღვევდეს კონსტიტუციით დაცულ აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

საქმე, რომლის გამოც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2026 წლის 23 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შევიდა მოქალაქე ირაკლი კეზევაძის წინააღმდეგ.

საქმის მასალების მიხედვით, 3 ივნისს კეზევაძემ Facebook-ზე ერთ-ერთი პოსტის ქვეშ თბილისის მერს, კახა კალაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ შემთხვევაზე შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კეზევაძემ სასამართლოში განაცხადა, რომ კომენტარი დაწერა ნასვამ მდგომარეობაში, შემდეგ კი მსგავსი კომენტარების წერა შეწყვიტა.

„სხდომაზე ირაკლი კეზევაძემ განაცხადა: „არ უნდა დამეწერა, მაგრამ ნასვამი ვიყავი, მეუღლე სამი წლის წინ გარდამეცვალა, შვილები არ მყავს, არსად ვმუშაობ, რადგან ვუვლი ავადმყოფ დედას, თავს ვირჩენ დედის პენსიით და მეგობრების დახმარებით“. შეკითხვაზე, კიდევ თუ წერთ კომენტარებს პოსტებზე, ირაკლი კეზევაძემ უპასუხა, არა, აღარც ვეკარები საერთოდ“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წარდგინებაში.

რატომ გაუჩნდა მოსამართლეს ეჭვი კონსტიტუციის დარღვევაზე

მოსამართლემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე არსებობს ზოგადი ნორმა – 166-ე მუხლი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას არეგულირებს, ხოლო 173¹⁶ მუხლი სპეციალურად იცავს სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეებს და მათთან დაკავშირებულ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე უფრო მკაცრ სანქციას ადგენს.

„შესაბამისად, იკვეთება საკითხი, რამდენად არსებობს დამოუკიდებელი და საკმარისად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საჭიროება საჯარო მოსამსახურის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შესაქმნელად მაშინ, როდესაც მსგავსი ქცევის გარკვეული ფორმები უკვე ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის რეგულირების სფეროში“, – წერს მოსამართლე.

წარდგინებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა „მსუსხავი ეფექტის“ საკითხს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მაღალი ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობის საფრთხემ შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ დასჯადი შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან თავის შეკავება, არამედ ისეთი კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმისგანაც, რომელთა შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი არ არის.

მოსამართლის შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების შემთხვევაში, რადგან საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ თავისუფალი დისკუსია გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროა.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ საჯარო და განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კრიტიკის თმენის ვალდებულება უფრო მაღალია, ვიდრე კერძო პირების შემთხვევაში.

ციცინო კიკვაძე არ ამბობს, რომ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური თანამდებობის პირები სამართლებრივი დაცვის გარეშე უნდა დარჩნენ. წარდგინებაში წერია, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება და გარკვეულ შემთხვევებში ვალდებულებაც, დაიცვას საჯარო სამსახურის სათანადო ფუნქციონირება, საჯარო მოსამსახურეთა უსაფრთხოება და მათი უფლებები.

კონსტიტუციური პრობლემა, მოსამართლის აზრით, სხვა რამეში მდგომარეობს: რამდენად აუცილებელია ამისთვის სწორედ ასეთი სპეციალური და მკაცრი პასუხისმგებლობის რეჟიმი.

სასამართლო ასევე განასხვავებს ერთმანეთისგან ისეთ ქმედებებს, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის საჯარო მოსამსახურის უსაფრთხოებას ან ხელს უშლის მის საქმიანობას და ისეთ სიტყვიერ გამოხატვას, რომელიც შეიძლება იყოს მკვეთრი, შეურაცხმყოფელი ან ემოციური, თუმცა არ შეიცავდეს ძალადობის, მუქარის ან სხვა რეალური საფრთხის ელემენტებს.

მოსამართლე პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ 173¹⁶ მუხლის შემთხვევაში არ მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა.

სასამართლოს მსჯელობით, კონკრეტულ საქმეებში შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს პირის ინდივიდუალურ გარემოებებს — მათ შორის, ქმედების ხასიათს, გარემოებებსა და სხვა ფაქტორებს.

ამიტომ სასამართლო სვამს კითხვას: რამდენად პროპორციულია ისეთი რეჟიმი, რომელიც სასამართლოს პასუხისმგებლობის ინდივიდუალურად შეფასების უფრო შეზღუდულ შესაძლებლობას უტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ შეურაცხყოფის ადრესატი საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობის პირია.

„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით თვალსაჩინოა განსახილველ საქმეში. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა განხორციელებული ქმედება და გამოხატა სინანული. მან ასევე მიუთითა მძიმე სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, უმუშევრობასა და ავადმყოფი დედის მოვლის აუცილებლობაზე. ამასთან, კითხვაზე, აგრძელებდა თუ არა მსგავს საქმიანობას, განაცხადა, რომ აღარ წერს მსგავს კომენტარებს და აღარ „ეკარება“ ასეთ საქმიანობას. რა თქმა უნდა, აღნიშნული გარემოებები თავისთავად არ გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას და არც სასამართლოს განსაზღვრავს წინასწარ საბოლოო სამართლებრივ შეფასებას, თუმცა ისინი ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა შეფასების შესაძლებლობას სანქციის კონსტიტუციურად სამართლიანი და პროპორციული გამოყენებისათვის. სადავო ნორმით ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა კი წარმოშობს კითხვას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ამგვარი ინტენსივობა აუცილებელი შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სადავო ნორმის კონსტიტუციურ შეფასებას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მისი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ კონკრეტული პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებასთან, არამედ უფრო ფართო პრევენციულ ეფექტთან“, – წერია წარდგინებაში.

ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს შეაფასოს, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეხუთე პუნქტებს 173¹⁶ მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სპეციალურ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს და ამასთან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას გამორიცხავს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სამი ძირითადი საკითხი: არის თუ არა მკაცრი სანქცია გამოსადეგი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; არსებობს თუ არა ნაკლებად მზღუდავი საშუალება; და არის თუ არა შეზღუდვით მიღებული საჯარო სარგებელი გამოხატვის თავისუფლებისთვის მიყენებულ ზიანთან და შესაძლო „მსუსხავ ეფექტთან“ პროპორციული.