ზახაროვა: გარე ძალები საქართველოს რუსოფობიურ ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარიამ ზახაროვამ თქვა, რომ „გარე ძალები საქართველოს რუსოფობიურ ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ“.

მარია ზახაროვამ 8 ოქტომბერს თქვა, რომ „რეგიონის გარედან მოქმედი ძალები ცდილობენ, საქართველო რუსოფობიური ხასიათის სახიფათო ავანტიურებში ჩაითრიონ“.

მისი თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების განვითარება ამ ძალების უკმაყოფილებას იწვევს.

„არსებული ვითარება ყელში გაჩხერილი ძვალივითაა რეგიონის გარედან მოქმედი ძალებისთვის, რომლებიც საქართველოს რუსოფობიური ხასიათის სახიფათო ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ. ჩემი აზრით, თბილისმაც არაერთხელ ძალიან მკაფიოდ და მოკლედ განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსეთსა და საქართველოს საერთო ისტორია და ტრადიციები, ნათესაური კავშირები და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა აერთიანებთ. მისი შეფასებით, ეს ფაქტორები ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი დაახლოებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზეც. მისი თქმით, საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო რუსეთის ბაზარი საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონლისთვის უმნიშვნელოვანესია.

ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი მზად არის თბილისთან ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისთვის. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას ისახავს მიზნად, მიუხედავად გარე ძალების მცდელობისა, ამ პროცესს ხელი შეუშალონ.

მსგავსი შინაარსის განცხადება იმავე სიტყვებით არაერთხელ გაუკეთებიათ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს.

მაგალითად, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში დაწერა:

„აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“.

იმავე დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ენმ“ დღეს რუსოფობიურ რიტორიკას იყენებს, მაშინ როდესაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილებებით, პაპუაშვილის შეფასებით, რუსეთმა საქართველოში მეტი გავლენა მოიპოვა.

2026 წლის 12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2022 წელს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება სამჯერ სცადეს, მათ შორის რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართული გზავნილებით. პასუხისმგებლობა მან უცხოელ აქტორებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებსა და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს დააკისრა.

ამასთან, „ოცნების“ წევრები წლებია, საუბრობენ „გარე ძალებზე“ და ამაში დასავლეთს, ძირითადად ევროკავშირს გულისხმობენ.