„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება მიმდინარეობს.

პრესსამსახურში „პუბლიკის“ დამატებით შეკითხვებს არ პასუხობენ, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

გუშინ, 7 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. მისი თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.

მისი თქმით, შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი მთელი რიგი სერვისები და „ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო“.

„წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ.

შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“, – თქვა კობახიძემ.

2025 წლის 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური მდივანი გიორგი ერაძე გახდა.

საჯარო რეესტრის თანახმად, გიორგი ერაძე ამავდროულად არის შპს „სფეის კარგოს“ და შპს „კარგონავტების“ დირექტორი. ასევე, ფლობს წილს შემდეგ შპს-ებში: „გრუპ ანდერ ამბრელა“, „ბიზნესლაბ“, „ლეგო ფუდი“, „რედ სპირიტუს“, „კარგონავტები“.

იქამდე ამ პოზიციას 13 წლის განმავლობაში ლევან ჩიკვაიძე იკავებდა. ის საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი 2012 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ზაფხულამდე იყო.