იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის საქმე „გარკვეული ძალების, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი NGO-ს მიერ მიერ იყო ორგანიზებული“ და მიზანი „სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟი“ იყო.
„ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ მცდელობა, ორგანიზებული, მათ შორის, რომ მომხდარიყო სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟი. გარკვეული ძალების მიერ, მათ შორის, პოლიტიკოსების, ზოგიერთი NGO-ს მიერ.
თქვენ ამბობთ, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ერთი კონკრეტული მსჯავრდებული აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა ძალადობა, თანამშრომლების ჯგუფმა ჩაიდინა ძალადობა და დანაშაული და ამ შემთხვევაში პენიტენციურმა სამსახურმა უნდა ჩამოაცილოს ეს ადამიანები სამსახურს, შეუჩეროს უფლებამოსილება.
მერწმუნეთ, გამოჩნდება 10, 20, 30 პატიმარი, რომელიც მოიგონებს უბრალოდ ეგეთ რაღაცას, როდესაც მიზანი არის სისტემის საბოტაჟი და ამის ნიშნები არსებობდა და ამის ნიშნები ცხადი იყო“ – განაცხადა პაატა სალიამ.
გადაცემის სტუმრის შეკითხვაზე: „ბატონო პაატა, გაუპატიურებას მოიგონებს ამდენი ადამიანი?“ სალიამ თქვა: „თქვენ დაინახეთ გაუპატიურება ამ კადრებში?!“
სალიას თქმით, ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დააყენონ.
„თქვენ ახლა ზოგადად დაიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ერთი დაუდასტურებელი შემთხვევის გამო 10 თუ 15 თანამშრომელი უნდა გაგვეშვა სამსახურიდან, უფლებამოსილება უნდა შეგვეწყვიტა. ეს არის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება. იქ ადამიანები იხდიან სასჯელს. თქვენ თუ იმაზე დაიწყებთ საუბარს, რომ რაღაცების იდეალიზება მოვახდინოთ, აქ ეს ადგილი არ არის და პენიტენციური დაწესებულება ის ადგილი არ არის, სადაც დანაშაულის რომანტიზება ხდება და ჩვენი სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო და იცავს კანონებს.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაცულია ყველა პატიმრის უფლება. თითოეულ შემთხვევაშიც კი, აი მოცემული შემთხვევაც რომ ავიღოთ, იქ, სადაც ფაქტიურად არაფერი არ მომხდარა, თქვენ ამბობთ, რომ კამერას ვიღაც ეფარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგად რომ იფიქროთ თქვენთვის ლოგიკურად, კარგად რომ დაფიქრდეთ ამაზე, კამერის წინაშე ვინმე რატომ დააპირებდა ადამიანისთვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენებას? ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალადობა ციხეებში და მითუმეტეს ამ ტიპის ძალადობა არის წარმოუდგენელი რამე, არ ყოფილა აქამდე ასეთი შემთხვევა და დღესაც თითიდან გამოწოვილ შემთხვევაზე, როდესაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შემთხვევა მოხდა რამდენიმე თვის წინ, თვითონ ამბობენ, რომ 10 თვეა, გამოძიება მიმდინარეობს და არცერთი პოლიტიკური პარტია, არცერთი NGO ამას ფაქტიურად მაშინ არ გამოხმაურებია და ასეთი ამბავი არ აწეულა, როგორც ახლა აწიეს და სწორედ ახლა ჰქონდა ამას ორკესტრირებული მცდელობა, რომ ციხეში საბოტაჟი გამოეწვია და ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ესეთი დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დავაყენოთ, უფლებამოსილება შევუზღუდოთ და საბოტაჟის ქვეშ დავაყენოთ პენიტენციური სისტემა“, – განაცხადა პაატა სალიამ „იმედის“ ეთერში სტუმრის შეკითხვის საპასუხოდ.
სალიას თქმით, არ უარყოფენ, რომ შეიძლება სისტემაში პრობლემები არსებობდეს, თუმცა 2012 წლისგან განსხვავებით „სისტემურ დანაშაულს არ აქვს ადგილი“.
„ჩვენ არასდროს არ უარვყოფთ იმას, რომ შეიძლება სისტემაში რაღაც პრობლემა არსებობდეს. აქ მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რაც არის და რასაც ვადარებთ ჩვენ 2012 წლამდე ვითარებას და დღევანდელ ვითარებას, არის ის, რომ სისტემურ დანაშაულს არ აქვს ადგილი.
ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაცული არცერთი სისტემა არ არის მსოფლიოში და არ არსებობს იდეალური პენიტენციური სისტემა არცერთ ქვეყანაში, ყველგან შეიძლება თანამშრომელს რაიმე გადაცდომა [მოუვიდეს] თუნდაც დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე ხდება რეაგირება. უფლების დაცვის მექანიზმები არის განვითარებული და გაძლიერებული დღეს ჩვენ პენიტენციურ სისტემაში. პრაქტიკულად, ანალოგიურად არის ყველა მოწინავე ქვეყნებშიც ის უფლებები რაც დღეს პატიმარს აქვს საქართველოში თავისი უფლებების დასაცავად ამაზე მეტი უფლებები არ აქვთ სხვა ქვეყნებში პენიტენციურ დაწესებულებებში.“, – განაცხადა სალიამ.