„დავითაძის მიმართ რამე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“ - პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება დაასრულა. მათი მტკიცებით, დეესკალაციის ოთახში „გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.“ უწყებამ გამოძიება შეწყვიტა.

როგორც პროკურატურა წერს, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძემ საკნის გეგმიური შემოწმების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, იმუქრებოდა თვითდაზიანებით და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. ამის გამო დავითაძე დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული.

უწყება წერს, რომ მისი პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა, კერძოდ დაწესებულების სამმა თანამშრომელმა ბრალდებული გააკავეს, „ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით.“

„შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“, – ამტკიცებს პროკურატურა.

უწყების განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მომხდარიდან 5 დღეში მსჯავრდებული სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა – პროკურატურა ირწმუნება, რომ გიორგი დავითაძეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან „გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე „კვარა“ მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა“, ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.“

„სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე.

თავის მხრივ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე.

ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.

გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ.

ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე „კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს – გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.

2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.

ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“, – წერს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებას „პუბლიკასთან“ საუბარში უპასუხა ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა:

„2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა ძალადობის ფაქტი, 29 დეკემბერს დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. დაინიშნა ექსპერტიზა. 4 დღის წინ ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ მიიღეს დასკვნა და წამობრივი გაშიფვრით მიიღეს გადაწყვეტილება. ამ შეხვედრაზე ჩვენ შევათანხმეთ, რომ უნდა გამოთხოვილიყო სხვა კადრები, როგორ ჩაჰყავდათ სხვა დროს გიორგი დავითაძე იგივე დეესკალაციის ოთახში, სხვა პატიმრები როგორ გადაჰყავდათ. ბევრი საკითხი იყო დასმული, რასაც პასუხი არ გასცემია გამოძიებით. მე ჯერ დოკუმენტი არ წამიკითხავს და არ ვიცი, მაგრამ რაც აქ წერია, ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.

ჩვენ აუცილებლად ვრჩებით სამართლებრივ ბრძოლაში და ეს საქმე აუცილებლად დატოვებს საქართველოს ფარგლებს და წავა სტრასბურგში შემდგომ განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

სახალხო დამცველთან თუ არ უხსენებია გაუპატიურება, მაშინ რაზე დაიწყო გამოძიება? ამ კითხვაზე ვინმეს შეუძლია, პასუხი გამცეს? აბა რაზე მიმართა სახალხო დამცველმა პროკურატურას, რის გამოძიებისთვის მიმართა, რა უნდა გამოეძიებინათ? როგორც ინტერვიუში გამარტა [იოსელიანმა], სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მივმართეო. გამორიცხულია, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ იწყება გამოძიება… მაშინ 29 დეკემბერს რა ფაქტზე დაიწყო გამოძიება?

სექსუალური ძალადობის მსხვერპლს სთხოვენ, რომ ძალადობის მერე დარჩეს სრულ სამართლებრივ რეჟიმში და იმ სუბკულტურაში, პატიმრების გვერდზე და იმ ადამიანების გვერდზე, ვინც ეს განახორციელეს, დალაგებული სიმართლე მოუყვეს გამოძიებას? უკან რატომ უბრუნდება ეს? ეს სრულიად წარმოუდგენელი და არაკომპეტენტური განცხადებებე“,- უთხრა სალომე ჯანუაშვილმა „პუბლიკას“.


2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“. დავითაძის თქმით, ამ დროს ბადრაგები მას ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციისსაკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, თუმცა ვიდეოს ხმა არ ახლავს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების ვერსიით, ამის შემდეგ „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს“, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორისგამოყენებით განხორციელდა.

პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, ხოლო პენიტენციურისამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, მე-6 პენიტენციურიდაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დავითაძის დაწესებულებაში შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის განცხადებით კი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისი თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც აპარატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას განაცხადა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.