საია: მოსამართლეთა სპეციალიზაცია გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გასაძლიერებლად და ზემოქმედებისთვის გამოიყენება

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოსამართლეების სპეციალიზაციასა და ვიწრო სპეციალიზაციაში გადაყვანის პრაქტიკა გააანალიზა.

საიას შეფასებით, მოსამართლეთა სპეციალიზაციის არსებული სისტემა არათანმიმდევრულია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებს მოსამართლეთა გადანაწილებისას ფართო, ხშირად დაუსაბუთებელ უფლებამოსილებებს აძლევს.

დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეს სპეციალიზაცია შეიძლება შეუცვალონ იმ ვაკანსიაზე დანიშვნიდან მალევე, რომელზეც კონკურსი კონკრეტული მიმართულებით გამოცხადდა. ამასთან, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა გადანაწილების კრიტერიუმები გაუმჭვირვალეა.

კვლევაში პრობლემურად არის შეფასებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეებს სასამართლოების თავმჯდომარეები ანაწილებენ და მათ შემადგენლობას დასაბუთების გარეშე ცვლიან. ავტორების შეფასებით, ეს საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი განაწილების სისტემაში ჩარევისა და სასურველი მოსამართლეების შერჩევის რისკს ქმნის.

კვლევის თანახმად, სპეციალიზაცია შეიძლება ხელს უწყობდეს მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობას, თუმცა შესაბამისი კრიტერიუმებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე ის მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის ბერკეტად იქცევა. დოკუმენტში მოყვანილია პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც, თუ მოსამართლე „პრობლემატურად“ მიიჩნევა, ის შესაძლოა ნაკლებად სენსიტიური კატეგორიის საქმეებზე გადაიყვანონ.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მოსამართლეებს საქმეების დამოუკიდებლად, მხოლოდ კანონის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საიას შეფასებით, საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო სპეციალიზაციასა და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა განაწილებას საკმარისი გარანტიებით არ უზრუნველყოფს.

„მოსამართლის კონკრეტულ ვაკანსიაზე, კონკრეტული სპეციალიზაციის შესაბამისად დანიშვნისას, კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებას მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო, მეორე მხრივ, შემდგომში მისი სპეციალიზაციის შეცვლა ან ვიწრო სპეციალიზაციაში გადაყვანა შესაძლებელია ფართო დისკრეციის, სათანადო დასაბუთებისა და გამჭვირვალე კრიტერიუმების გარეშე. ასეთი არათანმიმდევრული მიდგომა აზრს უკარგავს სპეციალიზებული ვაკანსიების საფუძველზე კონკურსის ჩატარებას და ასუსტებს მოსამართლის პროფესიული დამოუკიდებლობის გარანტიებს.

ამასთან სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილება – განსაზღვროს, ვინ რომელ ვიწრო სპეციალიზაციაში განიხილავს საქმეებს, ზრდის საქმეთა ავტომატური და შემთხვევითი განაწილების სისტემაზე ზემოქმედების რისკს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოებში ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის საჭიროებაც დაუსაბუთებელია.“, – წერს საია.

ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისტემაში არაფორმალური გავლენების და ანგარიშვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი გამოწვევების ფონზე, სპეციალიზაციის მექანიზმი, არ ემსახურება მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.

„იგი კონკრეტული საქმეების განმხილველი შემადგენლობის ფორმირებაზე ზემოქმედებისთვის, არასასურველი მოსამართლეების ნაკლებად სენსიტიურ კატეგორიებში გადასაყვანად და სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გასაძლიერებლად იუსტიციის საბჭოს ხელში ზემოქმედები დამატებითი ბერკეტია“, – წერს საია.