დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ რუსეთი 2016 წელს Brexit-ის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში ჩაერია. მისივე თქმით, რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობები საფრანგეთსა და გერმანიაშიც შეინიშნება.
როგორც ბერნჰემმა პოდკასტში The Rest Is Politics განაცხადა, დაუნინგ-სტრიტის მე-10 ნომერში მისვლის შემდეგ მან 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ინფორმაცია მოიკითხა. მისი თქმით, პასუხი მკაფიო იყო: „დიახ, ჩარევა ნამდვილად მოხდა“.
„ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად თავდაცვით პოზიციაში ვიყავით და საზოგადოებას საკმარისად არ ვაწვდიდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესის შეფერხებას“, – განაცხადა ბერნჰემმა.
პრემიერ-მინისტრს რუსეთის მოქმედებების ფორმისა და მასშტაბის შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაბრია. ამასთან, აღნიშნა, რომ გერმანიაში ვიზიტის დროს კანცლერ ფრიდრიხ მერცთან რუსეთის ჩარევის საკითხიც განიხილა.
„გერმანიის პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ვრცელდება რუსეთიდან მომდინარე არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ საკითხის საჯაროდ განხილვა გერმანიისა და საფრანგეთის ამომრჩევლებს დაეხმარება, გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური პროცესების ნაწილი რუსეთის მსგავსი ძალების ინიციატივით შეიძლება ხორციელდებოდეს.
ბერნჰემის განცხადებებს გამოეხმაურა Brexit-ის მხარდამჭერი კამპანიური ჯგუფი Britain Unbound. ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის „კიდევ ერთი უხეში მცდელობა, ეჭვქვეშ დააყენონ იმ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა, რომელიც ბრიტანელმა ხალხმა 2016 წელს მიიღო“.
ჯგუფში აცხადებენ, რომ უცხოეთის ჩარევა გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში მიუღებელია, თუმცა მიიჩნევენ, რომ არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, თითქოს რუსეთის ჩარევამ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგზე გავლენა მოახდინა. ორგანიზაციის განცხადებით, ამომრჩევლების მარტივად მოტყუებულად წარმოჩენაც შეურაცხმყოფელია.
რუსეთის შესაძლო ჩარევა – წლების განმავლობაში არსებული ეჭვები
2020 წელს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ქვეყნის არჩევნებსა და რეფერენდუმებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხებოდა. დოკუმენტში საბოლოო დასკვნა არ გაკეთებულა იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა მოსკოვი ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის შედეგზე გავლენის მოხდენას. ამასთან, კომიტეტმა გააკრიტიკა სხვადასხვა პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი მთავრობები იმის გამო, რომ მათ საფრთხე სრულად არ შეაფასეს და მის წინააღმდეგ სათანადო ზომები არ მიიღეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიში უარყო და მას „რუსოფობია“ უწოდა. კრემლის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში არ ერევა.
იმავე წელს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ „თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის წარმომადგენლები 2019 წლის საყოველთაო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ“.
BBC-ის ფაქტების გადამოწმების სამსახური BBC Verify რუსეთთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ კამპანიებსაც იკვლევს. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ყალბი ვიდეოები, რომლებშიც ჟურნალისტებისა და საინფორმაციო ორგანიზაციების იმიტაცია ხდება უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად.
BBC-ის თანახმად, ერთ-ერთი ყალბი საინფორმაციო ვებგვერდი ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეფე ჩარლზის კუთვნილი სასახლე შეღავათიან ფასად შეიძინა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ვიჯაი რანგარაჯანმა პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ რუსული „დიფფეიკ“ ვიდეოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების დროს „ფართოდ გამოიყენებოდა“. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთი ამ მხრივ გამონაკლისი იქნებოდა.
გასულ თვეში, გაეროში გამოსვლისას, ბერნჰემმა რუსული უწყებები სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში და ადამიანების შიშებით სარგებლობაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ახალ ცენტრს შექმნის, რომლის მიზანიც დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენლის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყნის მოქალაქეები და ინსტიტუტები უცხო სახელმწიფოებისა და მათთან დაკავშირებული ძალებისგან დაცულნი იყვნენ.
მისივე თქმით, ამისთვის ხელისუფლება აძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს, ინსტიტუტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობას, საზღვრის დაცვას, პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურებს.