პროკურატურამ N6 პენტიტენციური დაწესებულების ბადრაგების ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე სამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ N6 პენტიტენციური დაწესებულების ბადრაგების ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე სამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა.

საუბარია შემთხვევებზე, რომლის ამსახველი ვიდეოკადრები და განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა 5 ოქტომბერს გაავრცელა.

ამ განცხადებაში უწყებამ უარყო ინფორმაცია, თითქოს მე-6 დაწესებულებაში მსჯავრებულები დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებული სოლიდარობის გამო. პენიტენციურმა განაცხადა, რომ 2 და 4 ოქტომბერს სამმა მსჯავრდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პენიტენციურის თანამშრომლებს.

პროკურატურამ მათ ბრალდება ენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის მუხლით წარუდგინა.

„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს.

ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს“, – განაცხადა უწყებამ.

ბ.ჭ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის) წარედგინა;

ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


5 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს №6 დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდებული დეესკალაციის საკნებში დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამო გადაიყვანეს, სიცრუეა.

უწყების მტკიცებით, მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში უსაფრთხოების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად გადაიყვანეს. სამსახური ამის მიზეზად ორ ინციდენტს ასახელებს.

მათი ცნობით, 2 ოქტომბერს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ბ.ჭ-მ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა; 4 ოქტომბერს კი მსჯავრდებულებმა ჯ.ჯ-მ და ვ.თ-მ სეირნობიდან დაბრუნებისას დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება და დეესკალაციის საკნებში მოთავსებას გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან კავშირი არ აქვს.