პენიტენციური: მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს №6 დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდებული დეესკალაციის საკნებში დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამო გადაიყვანეს, სიცრუეა.

უწყების მტკიცებით, მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში უსაფრთხოების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად გადაიყვანეს. სამსახური ამის მიზეზად ორ ინციდენტს ასახელებს.

მათი ცნობით, 2 ოქტომბერს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ბ.ჭ-მ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა; 4 ოქტომბერს კი მსჯავრდებულებმა ჯ.ჯ-მ და ვ.თ-მ სეირნობიდან დაბრუნებისას დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება და დეესკალაციის საკნებში მოთავსებას გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან კავშირი არ აქვს.

უწყებამ ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.

ქვემოთ გთავაზობთ პენიტენციურის განცხადებასა და ვიდეოს:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ არ გადავა იქამდე, სანამ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, დეესკალაციის საკნებიდან არ გამოიყვანენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

სინამდვილეში, მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება“, – აცხადებს პენიტენციური.

გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ დღეს განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად მეტალის საგნები გადაყლაპა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა და შიმშილობა დაიწყო.

ირმა დავითაძის თქმით, მისი შვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იქამდე არ გადავა, ვიდრე დეესკალაციის ოთახიდან საკნებში არ დააბრუნებენ იმ პატიმრებს, რომლებმაც მას თანადგომა გამოუცხადეს.

იგივე ინფორმაცია გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ „რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი“ გადაყლაპა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას კი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.

„დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.