მამუკა მდინარაძე ბიზნესში წავიდა – მან ახალი საკონსულტაციო კომპანია შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იანი წილის მფლობელი კი მამუკა მდინარაძე.
რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მდინარაძის კომპანიის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში იქნება.
მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. როგორც მან განმარტა, სურდა ოჯახისთვის მეტი ყურადღება დაეთმო.
ბოლო 1 წელიწადში მამუკა მდინარაძემ 3 თანამდებობა გამოიცვალა. ბოლოს ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, თუმცა საჭირო იყო სახელმწიფო სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა, რასაც შემოდგომაზე პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
მანამდე, 30 აპრილიდან მდინარაძე სპეციალურად მისთვის შექმნილ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამავე დროს იყო ვიცე-პრემიერი.
კიდევ უფრო ადრე კი, 2025 წლის 3 სექტემბრიდან 21 აპრილის ჩათვლით მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.