EU-ის ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკიხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მონტენეგროს ორშაბათს“ ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი „სუპერ სამშაბათი“ მოჰყვება. შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა შემდეგზე:

  • უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნა;
  • მონტენეგროსთვის სამი მოლაპარაკების თავის – მე-17, მე-18 და მე-19 თავების დახურვა;
  • ალბანეთისთვის კი მე-20 თავის დახურვა“, – წერს ბირნი.

გაწევრების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები მოიცავს შიდა ბაზრისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხებს.


ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკების პირველი კლასტერი 15 ივნისს გახსნა. 

ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს.

არის 35 თავი, რომელიც განაწილებულია 6 კლასტერში. მოლაპარაკებებში პირველი კლასტერი ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი იხსნება, ის არის ბოლო, რომელიც იხურება.

თითოეული კლასტერის გახსნას ევროკავშირის 27-ვე მთავრობის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. ამასთან, ვეტოს უფლებამ შესაძლოა, შეაჩეროს მოლაპარაკებების პროგრესი, თუ მიიჩნევა, რომ კანდიდატი ქვეყნები რეფორმების გზიდან უხვევენ.