„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ხელისუფლების მიერ ფულადი კომპენსაციის შემოღება დევნილების გრძელვადიან განსახლებას საფრთხეს უქმნის.
ორგანიზაცია აფასებს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად შემოიღეს დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამაც, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია.
ინიციატივის მიხედვით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, შეუძლია, კომპენსაცია მოითხოვოს. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პროგრამა, მისი გაცხადებული შინაარსის გათვალისწინებით, არათუ ხელს შეუწყობს დევნილთა გრძელვადიან და ღირსეულ განსახლებას, არამედ საცხოვრისისა და დანაზოგის არმქონე ოჯახების უსახლკარობისა და კიდევ უფრო მეტი სოციალური გარიყულობის რეალურ რისკებს შექმნის.
ორგანიზაციის შეფასებით, კომპენსაციის ოდენობა, შესაძლოა, საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამასთან, უწყებებს არ განუმარტავთ, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა თანხა და რას ეფუძნება მისი ოდენობა.
SJC მიუთითებს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული 97 280 დევნილი ოჯახიდან 45 160-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული.
ორგანიზაციის შეფასებით, მრავალწლიანი ლოდინისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, დევნილმა ოჯახებმა შესაძლოა კომპენსაცია თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მიიჩნიონ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, პროგრამის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა სახელმწიფოს წინაშე არსებული საბინაო ვალდებულებების ფორმალური შემცირება გამოიწვიოს ისე, რომ რეალურად არ შემცირდეს სათანადო საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ დევნილთა რაოდენობა.
ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრამის ამოქმედებამდე საჯაროდ განმარტოს მისი სამართლებრივი შედეგები, დაასაბუთოს კომპენსაციის ოდენობის ადეკვატურობა და შექმნას გარანტიები, რომ თანხით სათანადო საცხოვრებლის შეძენის შეუძლებლობის შემთხვევაში დევნილი ოჯახები სახელმწიფოს შემდგომი მხარდაჭერის გარეშე არ დარჩებიან. ცენტრი ასევე მოითხოვს გრძელვადიანი განსახლების არსებული პროგრამების გაძლიერებასა და დაჩქარებას.
„პუბლიკა“ გთავაზობთ ორგანიზაციის შეფასებას:
„დევნილ ოჯახებზე ფულადი დახმარების უზრუნველყოფის პროგრამის შინაარსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა (შემდგომში – “მინისტრი”), მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს დაამტკიცა. კერძოდ, “დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2021 წლის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა და კომპენსაციით უზრუნველყოფის პროცედურები გაიწერა.
ცვლილებამდე, გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფის მექანიზმი საცხოვრებელი ფართის დევნილთა საკუთრებაში გადაცემასა და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვას მოიცავდა. ცვლილების შემდეგ, მექანიზმი მესამე მიმართულებას – საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ დევნილი ოჯახის სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფას, იგივე – კომპენსაციას, ითვალისწინებს.
კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა ნებაყოფლობითია და განკუთვნილია მხოლოდ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დაქვემდებარებული დევნილებისთვის. კომპენსაციის მისაღებად დევნილმა ოჯახმა სპეციალური განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს, რომელიც მინისტრმა ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად დაამტკიცა. განაცხადის ფორმა ითვალისწინებს განმცხადებლისა და მისი ოჯახის, ასევე ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაციის შევსებას.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო მოახდენს განაცხადში მითითებული პირების იდენტიფიცირებასა და მათ მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის რომელიმე პროგრამით სარგებლობის ფაქტის გადამოწმებას. ამის შემდგომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე განაცხადები გადაეცემა მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც მონიტორინგის შედეგებს კომისიას წარუდგენს. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კომპენსაცია ოჯახებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ოჯახის განაცხადში მითითებულ დევნილის სტატუსის მქონე პირს/პირებს არ უსარგებლიათ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე პროგრამით და დევნილი ოჯახის შემადგენლობის შესახებ განაცხადში მოცემული ინფორმაცია რეალურად შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას.
პროგრამის მიხედვით, კომპენსაცია ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ტოლი იქნება და მისი გაცემა საკმაოდ სწრაფად მოხდება – განცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.
პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ კომპენსაციით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო იხსნის განმცხადებელთა და მათი ოჯახის წევრების პირდაპირი დაღმავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან ფართის სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომელიც დევნილის სტატუსიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფულადი დახმარება საცხოვრებლით უზრუნველყოფას უტოლდება და დევნილი ოჯახი მომავალში სახელმწიფოს განსახლების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას დაკარგავს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის 58 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და პროგრამა გაზრდილი ბიუჯეტით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამ ოდენობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მთავრობა ვარაუდობს, რომ ფულად კომპენსაციას არაერთი ოჯახი მოითხოვს.
როგორია დევნილთა განსახლების პოლიტიკა?
საცხოვრისის საჭიროების მქონე სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება კანონმდებლობით აქვს აღიარებული. არსებობს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და გრძელვადიანი განსახლების პროგრამები. მათ შორისაა, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილებისთვის ბინების გადაცემა, „სოფლად სახლის” შესყიდვის პროექტი და საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების დაკანონება. არსებობს დევნილთა საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფის მექანიზმიც ბინის ქირის სახით, რომელიც, თავის მხრივ, ქირის ოდენობის სიმწირის (300 ლარი), ჩართვის კრიტერიუმებისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დევნილი ოჯახების ყოველწლიური განსახლების სიჩქარე, საჭიროების მასშტაბთან შედარებით, არასაკმარისია. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც – 2025 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და 97 280 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან თითქმის ნახევარი, 45 160 ოჯახი ჯერ კიდევ არ იყო დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრისით. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები დახურული არ იყო – 19 ამგვარ ობიექტში 385 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. დამატებით, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, განსახლების მიმართულებით არსებული ინიციატივების ნაწილი დაგეგმილ ვადებში არ ხორციელდება.
მაგალითისთვის, 2025 წლისთვის, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა განსახლება უნდა მომხდარიყო, თუმცა, პროცესი დადგენილ ვადებში მხოლოდ ქუთაისსა და თბილისში, ისიც ნაწილობრივ, დასრულდა, დანარჩენ ქალაქებში კი შემდგომ წლებამდე გადაიდო.
ამგვარი კონტექსტის გათვალისწინებით, არსებობს რისკები, რომ არაერთი დევნილი ოჯახი, რომლებსაც მრავალწლიანი ლოდინის შედეგად გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების იმედი გადაწურული აქვთ, ფულადი კომპენსაციის მიღებას დათანხმდნენ და კომპენსაციის სიმწირისა და საცხოვრისზე მაღალი ფასის გამო, ისევ უსახლკარობაში გააგრძელონ ცხოვრება.
რა კითხვებს აჩენს და რა საფრთხეებს ქმნის კომპენსაციის პროგრამა?
კომპენსაციის პროგრამა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, კითხვებს არაერთი მიმართულებით აჩენს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი პროგრამის შინაარსსა და ტერმინოლოგიას უკავშირდება. ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება ტერმინ „კომპენსაციაში“, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას, უკავშირდება თუ არა ის საცხოვრებელთან დაკავშირებულ ზიანს, აქვს თუ არა დევნილს ვალდებულება, ეს თანხა გამოიყენოს განსახლების მიზნებისთვის, ხოლო თუ შეუძლია საკუთარი საჭიროების მიხედვით გამოყენება – მაშინ რატომ ანაცვლებს ეს „კომპენსაცია“ მუდმივ საცხოვრებელზე მოთხოვნას.
კიდევ ერთ გამოწვევას კომპენსაციის ოდენობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი, შესაძლოა, არაერთი წევრისგან შედგებოდეს, რის შედეგადაც, კომპენსაციის ოდენობაც რამდენიმე ათეული ათასი ლარი იქნება, მისი ოდენობა საცხოვრებლების ამჟამინდელ ღირებულებას მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ეს აჩენს რისკებს, რომ დანაზოგის არმქონე დევნილების ოჯახები სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური კომპენსაციით სახლის შეძენას ვერ შეძლებენ.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა სულაც არ წარმოადგენს ახალ მექანიზმს და იგი სხვადასხვა ჯგუფების მიმართ გამოიყენება.
ასეთია, მაგალითად, ეკომიგრანტებისთვის საცხოვრისის შესაძენად გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი პროგრამა, რომელიც საცხოვრებლის შესაძენად მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს. გასაწევი ფულადი დახმარების ოდენობებს ითვალისწინებს „სოფლად სახლის” პროგრამაც და ამ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის სქემა მცირე ზომის ოჯახებზე (22 000 ლარი ერთსულიან ოჯახებზე და 25 000 ლარი ორსულიან ოჯახებზე) გაცილებით მეტია, ვიდრე მთავრობის მიერ კომპენსაციის ახალი პროგრამით გათვალისწინებული ოდენობა (რაც შეეხება დიდი ზომის ოჯახებს, “სოფლად სახლის” პროექტით, ოჯახის ყოველი წევრის მატებისას, თითო სულზე გათვალისწინებული თანხის ოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება).
არაერთი ეკომიგრანტის, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახისა და დევნილის მითითებით, ზემოაღნიშნული ოდენობების კომპენსაცია საკმარისი არ არის ღირსეული განსახლებისთვის. შედეგად, მიუხედავად ამ პროგრამებში ჩართვის ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, საცხოვრისის საჭიროების მქონე არაერთი პირი მძიმე პირობებში აგრძელებს ცხოვრებას მხოლოდ იმის გამო, რომ პროგრამებით დაწესებულ ფასად საცხოვრისის პოვნა ვერ შეძლო.
მთავრობის ახალ ინიციატივასა და კომპენსაციის ოდენობაზე საუბრისას, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ წლების წინ საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებამდე, დევნილები სხვადასხვა კომპაქტური განსახლების ობიექტების დატოვების სანაცვლოდ, ერთჯერად ფულად თანხას (მაგ., 7 000 აშშ დოლარის ოდენობით) იღებდნენ. ამ ინიციატივით არაერთმა ოჯახმა ისარგებლა, თუმცა უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საცხოვრისის გარეშე დარჩა. საცხოვრებლის მზარდი ფასისა და მასზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფინანსური ხელმიუწვდომლობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკებიდან არაერთი წლის გასვლის შემდეგაც კი, დევნილები კვლავ იმავე სცენარის განმეორების რისკის წინაშე დგანან.
მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი კომპენსაციით სარგებლობა შესაძლებელია, გონივრული და სასარგებლო იყოს იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ საცხოვრისი ან გარკვეული დანაზოგი, რამაც სახელმწიფო დახმარებასთან ერთად, ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის საკმარისი ოდენობა შეიძლება შეადგინოს. თუმცა, აღნიშნული არ ამართლებს ხელისუფლების სისტემურ გადაწყვეტილებას, რომელიც ბევრად მცირე ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ დევნილს გრძელვადიანი საცხოვრებლის მოთხოვნის უფლებას ათმობინებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის მიღება ნებაყოფლობითია, განსახლების ხანგრძლივი ლოდინისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, ერთჯერად კომპენსაციაზე თანხმობა შესაძლოა ოჯახებისთვის არა თავისუფალი არჩევანი, არამედ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა აღმოჩნდეს.
ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ იმ დევნილებზე, რომლებიც 30 წელზე მეტია საცხოვრებლის მოლოდინში არიან, ხშირ შემთხვევაში, ავარიულ და არასათანადო გარემოში, კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ და მათ უწევთ რეალური გადაწყვეტილების მიღება, სწრაფად მიიღონ ფულადი კომპენსაცია თუ კვლავ გააგრძელონ მრავალწლიანი ლოდინი.
ერთი მხრივ, სოციალური მოწყვლადობა და, მეორე მხრივ, ოჯახების მიერ ათეულობით წლის განმავლობაში გრძელვადიანი განსახლების ლოდინი და საცხოვრებლის მიღების იმედის სიმცირე მათთვის პროგრამაში ჩართვის მიზეზი გახდეს. ეს კი საცხოვრისის მომლოდინე დევნილებს უსამართლო და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს – შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც ადეკვატური თავშესაფრის მქონე დევნილი გრძელვადიან განსახლებას დაელოდება და ბინა მიიღებს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მქონე ოჯახი კომპენსაციას მოითხოვს და მაინც ვერ შეძლებს საცხოვრისზე წვდომას.
კომპენსაციის პროგრამის ამგვარი გამოყენებისა და ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, იქმნება სერიოზული რისკი, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლდეს, რომელიც, მაღალი ალბათობით, სათანადო საცხოვრისის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდება.
შედეგად, სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულების სოციალური და ფინანსური რისკები დევნილებზე გადავა და სახელმწიფო მათი განსახლების ვალდებულებას ბევრად დაბალ ფასად მოიხსნის. ჩნდება რისკი, რომ ამგვარი მექანიზმის გამოყენებით სახელმწიფო ფორმალურად თავისი ვალდებულების მასშტაბსა და გრძელვადიანი განსახლების მომლოდინე ოჯახების რაოდენობას შეამცირებს ისე, რომრეალურად არ შემცირდება სათანადო საცხოვრებლის გარეშე, მოწყვლად მდგომარეობაში დარჩენილ დევნილთა რიცხვი.
დევნილთა განსახლების პოლიტიკის წარმატება არ უნდა განისაზღვრებოდეს იმით, თუ რამდენი ოჯახი ამოირიცხა სახელმწიფოს წინაშე არსებული საბინაო ვალდებულებების სიიდან. მისი მთავარი საზომი უნდა იყოს ის, რამდენმა დევნილმა ოჯახმა შეძლო რეალურად უსაფრთხო, ღირსეულ და სათანადო საცხოვრებელ გარემოში ცხოვრების დაწყება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დევნილთა წინაშე ვერ ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ კომპენსაციის გადახდით, თუ მათი უსახლკარობის პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს დევნილთა ხანგრძლივი მოლოდინი და სოციალური მოწყვლადობა მათ წინაშე არსებული ვალდებულებების შესამცირებლად. ფულადი კომპენსაციის პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს დევნილთა უფლებებზე ორიენტირებულ მექანიზმად, თუ იგი რეალურად უზრუნველყოფს მათი საცხოვრებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და არ იქცევა არასაკმარისი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ გრძელვადიანი განსახლების შესაძლებლობის დაკარგვის საფუძვლად.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პროგრამის ამოქმედებამდე საჯაროდ განმარტოს მისი სამართლებრივი შედეგები, დაასაბუთოს კომპენსაციის ოდენობის ადეკვატურობა და შექმნას მკაფიო გარანტიები, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც მიღებული თანხით სათანადო საცხოვრებლის შეძენას ვერ შეძლებენ, არ დარჩებიან სახელმწიფოს შემდგომი მხარდაჭერის გარეშე. ამასთან, აუცილებელია გრძელვადიანი განსახლების არსებული პროგრამების გაძლიერება, მათი განხორციელების დაჩქარება და დევნილებისთვის საცხოვრებლის მიღების პროგნოზირებადი და გამჭვირვალე შესაძლებლობების შექმნა“, – წერს ორგანიზაცია.