„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება მესამედ წარადგინა.
საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, პარტია „ფედერალისტების“ და „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვა.
საია მიიჩნევს, რომ ეს სარჩელი წარმოადგენს მმართველი პარტიის განაცხადს, რომ მას, არა მარტო, ერთი კონკრეტული პარტია არ სურს იხილოს ოპოზიციაში, არამედ მისი განზრახვაა ყველა იმ პარტიის აკრძალვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს ოპოზიციაში ყოფნის მანდატი.
„ქართული ოცნება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, ცდილობს აკრძალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის, გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას.
ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის სამართლებრივ ინსტრუმენტად.
საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული ოცნება ცდილობს ხალხის მხრიდან მხარდაჭერის მქონე ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოს, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური ბრძოლის გზა აარჩიეს მათ – გამოაცხადეს თუ არა მათ დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები ბოიკოტი, აგრძელებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარლამენტსა და საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ ცდილობს განურჩევლად ყველა მათგანის განადგურებას.
საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, რომლის საფუძველიც არა რომელიმე პარტიის შეუზღუდავი მმართველობა, არამედ ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, პოლიტიკური მრავალფეროვნება და ძალაუფლების დემოკრატიული მონაცვლეობის შესაძლებლობაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.