ევროპული საბჭო: ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გაატარონ

პუბლიკა

ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, ხოლო თავად ევროკავშირმა შიდა რეფორმებზე უნდა იმუშაოს და გაფართოებისთვის მოემზადოს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნებშია ნათქვამი.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის გაფართოება მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში გეოსტრატეგიული ინვესტიციაა. მისი შეფასებით, გაფართოება ხელს უწყობს ევროპის მოქალაქეებისთვის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას და იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით, გაწევრების მომენტისთვის მზად უნდა იყვნენ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ისე თავად ევროკავშირი. გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები ევროკავშირის დახმარებით და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად უნდა გააგრძელონ.

ამასთან, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და თითოეული კანდიდატი ქვეყნის წინსვლა ინდივიდუალურად, მის მიერ მიღწეული პროგრესის მიხედვით ფასდება.

ევროპულმა საბჭომ ასევე განიხილა ევროკავშირის შიდა რეფორმების საჭიროება. საბჭოს პოზიციით, ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი მიზნები და მათი მიღწევის გზები, იმუშაოს საკუთარ პრიორიტეტებსა და პოლიტიკაზე და გააძლიეროს მოქმედების შესაძლებლობები. საბჭოს შეფასებით, ეს ევროკავშირს გააძლიერებს და ევროპის სუვერენიტეტს განამტკიცებს.

საბჭო მიესალმება მონტენეგროსთან გაწევრების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაზე მიმდინარე მუშაობას. ამასთან, აღნიშნავს ირლანდიის თავმჯდომარეობის განზრახვას, იმუშაოს მოლაპარაკებების დარჩენილი თავების დროებით დახურვაზე, რაც მონტენეგროს მიერ შესაბამისი რეფორმების განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული.


ევროკავშირში გაწევრების გზაზე 4 ქვეყანა გახდა მოწინავე: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი. ევროკავშირი მათთვის, გაწევრების პროცესის დაჩქარების მიზნით, „სამოქმედო გზამკვლევებს“ ქმნის. გზამკვლევები თითოეული კანდიდატი ქვეყნისთვის მკაფიოდ განსაზღვრავს აუცილებელ რეფორმებს, პრიორიტეტებსა და შესრულების ვადებს. დოკუმენტები ასევე ითვალისწინებს მოლაპარაკებების ცალკეული „კლასტერების“ დახურვის სავარაუდო თარიღებს.

საქართველო ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ არის და როგორც ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ გაიმეორეს, „მხოლოდ ქაღალდზე არის კანდიდატი ქვეყანა“.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს აჩერებს. ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რასაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.